ხელხალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით, დემონსტრაციები ისევ გრძელდება.
უწყვეტი დემონსტრაციების მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან.
საპროტესტო აქციებს უკვე 70-ე დღეა, უერთდებიან არაერთი სფეროს წარმომადგენლები და სხვადასხვა თაობის მოქალაქეები. მათ შორის არიან ემიგრანტებიც. ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის სწორი, სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის. პროტესტის ნიშნად, უკვე არაერთმა მოქალაქემ დაიწყო შიმშილობა და მათ შორის ერთ-ერთი ავთანდილ კალანდაძეა. ის უკვე 40 წელია, ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში.
ავთანდილ კალანდაძე ამბობს, რომ გერმანიიდან სპეციალურად პროტესტის გამოსახატად ჩამოვიდა. მან რუსთაველის გამზირზე, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლის მიმდებარედ დაიწყო შიმშილობა.
„არ შეიძლება, ქუჩაში ყოველდღიურად მდგომ მოქალაქეებს მოღალატე უწოდო. როდესაც ერი გახლეჩილია, ის ვერასდროს შექმნის მაღალგანვითარებულ და სამართლებრივ სახელმწიფოს“ – ამბობს ავთანდილ კალანდაძე.
ის ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა 1937 წლის საბჭოთა რეპრესიები არ განმეორდეს.
„მუსტაფა ქემალ ათა-თურქს, თურქეთის სახელმწიფოს შემქმნელს, ნათქვამი აქვს – „არსებობს მრავალი კულტურა, მაგრამ არსებობს ერთადერთი ცივილიზაცია – ეს არის ევროპა“ – მართლაც ასეა. რომ არ ყოფილიყო ევროპა, ჩვენ ვერც მივიღებდით ვერც ამ დონის მეცნიერებას, ვერც ამ დონის მსოფლიო განვითარებას. თვით ამერიკის შეერთებული შტატების შექმნაც ევროპას უკავშირდება. ფეოდალიზმიც ევროპიდან დამარცხდა. ევროპის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებებიც.
რა თქმა უნდა, დღეს ევროპაში არის ისეთი რაღაცები, რაც ბევრს, მათ შორის ჩვენს საზოგადოებასაც არ მოსწონს, რადგან ქართული საზოგადოება არის ტრადიციების მიმდევარი და მოყვარული. მე მათ გაგებით ვეკიდები, თუმცა ქართველმა ხალხმა მიიღო რეფერენდუმით გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ევროპაში და, ამავდროულად, სრულად შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და ტრადიციები“, – ამბობს ავთანდილ კალანდაძე.