მთავარიმსოფლიოევროპა„რუსეთსა და რუსეთის ხელისუფლებაში ხელშეუხებელი არავინ არის” - კაია კალასი

„რუსეთსა და რუსეთის ხელისუფლებაში ხელშეუხებელი არავინ არის” – კაია კალასი

38 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია აცხადებს, რომ ,,მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწიეს სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გზაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის გაასამართლებს.

,,რუსეთსა და რუსეთის ხელისუფლებაში ხელშეუხებელი არავინაა” – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

38 ქვეყნისგან შემდგარმა კოალიციამ, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოიცავს, განაცხადა, რომ მათ მიაღწიეს „მნიშვნელოვან პროგრესს“ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გზაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის გაასამართლებს.

ჩართული ექსპერტებისა და იურისტების საქმიანობა ამ დრომდე, ტრიბუნალის იურისდიქციის განმსაზღვრელი სამართლებრივი დებულებების შემუშავებაზე იყო ფოკუსირებული. წესდება ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ იგი წლის ბოლომდე დამტკიცდება.

ამის შემდეგ კი, ტრიბუნალი ევროპის საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებში გაასამართლებს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ტრიბუნალის შექმნის იდეას დიდი ხანია მტკიცედ ემხრობა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მისი თქმით, სწორედ ამ გზით უნდა აგოს პასუხი ვლადიმირ პუტინმა სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომლის დაწყების ბრძანებაც უკვე თითქმის 3 წლის წინ გასცა.

ომის დანაშაულებისგან, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისგან და გენოციდისგან განსხვავებით, რა შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა უშუალოდ სისასტიკის ჩამდენ პირებს ეკისრებათ, აგრესიის დანაშაული ხელისუფლების დანაშაულად კვალიფიცირდება. ეს ნიშნავს, რომ პასუხი აგრესორი სახელმწიფოს მეთაურს, ამ შემთხვევაში ვლადიმირ პუტინს მოეთხოვება.

აგრესია შესაძლოა, გულისხმობდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას, მის ოკუპაციას, ანექსიას, პორტების ბლოკადას ან ნებისმიერ თავდასხმას, რაც ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებას მოიცავს.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს თანახმად, აგრესიის დანაშაული ეხება ,,აგრესიული აქტის დაგეგმვას, მომზადებას, წამოწყებას ან განხორციელებას იმ პირის მიერ, რომელსაც სახელმწიფოს პოლიტიკური ან სამხედრო ქმედების წარმართვის მანდატი აქვს, რომელიც თავისი ხასიათით, სიმძიმით და მასშტაბით გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევას წარმოადგენს“.

ამ განმარტების საფუძველზე, ვლადიმირ პუტინი მომავალი სასამართლო პროცესის ყველაზე სავარაუდო ბრალდებულია. თუმცა, ეს შესაძლებლობა საუკეთესო შემთხვევაში აბსტრაქტულ მისწრაფებად რჩება: რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურები იმუნიტეტით სარგებლობენ, ხოლო დაუსწრებელი სასამართლო განხილვა არალეგიტიმურად შერაცხვის რისკს გადის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სასამართლომ აგრესიის დანაშაულებზე ე.წ. ,,კამპალას ცვლილებების“ ფარგლებში იურისდიქცია დაადგინა, იგი მხოლოდ რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს ეხება. მათ რიცხვში კი არ შედის რუსეთი, აშშ-ის და ჩინეთის მსგავსად.

სწორედ ამიტომ, მიიღეს კიევმა და ბრიუსელმა დროებითი ტრიბუნალის შექმნის იდეა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა განაცხადა, რომ დაუსჯელი დანაშაული მხოლოდ შემდგომ აგრესიას უწყობს ხელს. მისი თქმით, ტრიბუნალი ,,ომის დასრულებამდე“ უნდა შეიქმნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend