მთავარისაქართველოპროფკავშირები შრომითი უფლებებისთვის

პროფკავშირები შრომითი უფლებებისთვის

ექვსი დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი მშრომელთა უფლებების დასაცავად ძალებს აერთიანებს.

6 დამოუკიდებელი პროფკავშირი ძალებს აერთიანებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან 5 თებერვალს, სოციალურ მუშაკთა გაერთიანების, საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის, პროფკავშირ „გილდიას“, კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირის, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირისა და საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის  წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

“ჩვენ, 6-მა პროფესიულმა კავშირმა, გადავწყვიტეთ დაგვეწყო კოლექტიური დავები დასაქმების იმ ადგილებზე, სადაც ხდება დასაქმებულთა შევიწროება, ასევე, პრობლემაა ის, რომ რამდენიმე პროფკავშირს არ არეგისტრირებს იუსტიციის სამინისტრო, საუბარი გვაქვს საჯარო მოხელეების პროფკავშირზე, მოთხოვნას არ უკმაყოფილებენ და სპეციალურად წელავს ხელისუფლება მათი რეგისტრაციის პროცესს. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას და თუკი სადმე დაირღვევა უფლებები, რეაგირება გვექნება მყისიერად, უკვე ერთობლივად. იმედი გვაქვს, რომ კიდევ ბევრი დასაქმებული შემოგვიერთდება ამ ბრძოლაში. თუ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ უკვე ცალკე სამსახურებში დავიწყებთ გაფიცვას. უნდა დასრულდეს პოლიტიკიდან მშრომელთა კლასის გარიყვა”, – ამბობს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წარმომადგენელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ექვსივე პროფესიული კავშირი დასაქმებულთა და სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებების დასაცავად კოლექტიურ დავას იწყებს. მაგალითად, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ პრობაციის ეროვნული სააგენტოდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დასაცავად იბრძვის.

“დეკემბერში 4 სოციალური მუშაკი გაათავისუფლეს პრობაციის ეროვნული სააგენტოდან. მიზეზი ის იყო, რომ შეუწყვიტეს ხელშეკრულებები, რომ თითქოს, ამოიწურა ვადა, თუმცა აღნიშნული უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს – რადგან პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცხადებულია, რომ სისტემაში არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი. გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ქუთაისიდან არის, რომელიც ერთადერთი სოციალური მუშაკი იყო სისტემაში… სწორედ ამის შემდეგ დავიწყეთ დავა. შევუერთდით სხვა პროფკავშირებს, რომლებიც ასევე იბრძვიან შრომითი პირობებისთვის”, – ამბობს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების წარმომადგენელი სოფო მუშკუდიანი.

“დღეს შევიტანეთ საჩივარი შრომის სამინისტროში – ესაა კონსერვატორიის თანამშრომლების კოლექტიური დავა. დავა ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად არაადამიანურად დაბალი ანაზღაურება, ინვენტარის არქონა-გაუმართაობა და სხვა. სფეროს აქვს ენით აუწერელი პრობლემები და რაღაც გზებს ვეძებთ, რომ ეს რამენაირად გამოვასწოროთ. ყველა ორგანიზაციას თუ პიროვნებას, მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ, გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრება იყოს ოდნავ უფრო ადამიანური და გასაძლები”, – ამბობს საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ოთარ ბერძენიშვილი.

“ჩვენს პროფკავშირს უქმნიან გაუმართლებელ, სამართლებრივად ყოვლად გაუგებარ პრობლემებს რეგისტრაციისას და, მათ შორის, ამაზე სასაუბროდაც შევიკრიბეთ აქ. უკვე 100-ზე მეტ ბენეფიციარს ვეხმარებით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომ თავიანთი უფლებები დაიცვან, უამრავი სარჩელი შევიტანეთ უკვე სასამართლოში – ამბობს კახი სამხარაძე, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის „კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თავმჯდომარე

პროფესიული კავშირების ინფორმაციით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელი სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულმა ათასობით პირმა მოაწერა. ხელმომწერთა ნაწილი – 300-მდე ადამიანი სამსახურიდან დეკემბრის ბოლოს გაათავისუფლეს. მათგან ერთ-ერთი თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძეა. ის თანამდებობიდან 25 დეკემბერს გაათავისუფლეს. სოფრომაძის პროგნოზით, საჯარო სამსახურებიდან კიდევ ათასობით ადამიანის გათავისუფლებაა მოსალოდნელი.

“300 ადამიანზე მეტია უკვე ვისაც შეგვეხო, ეს ადამიანები შეგვარჩიეს ჩვენი აქტიურობიდან გამომდინარე, მიგვიჩნიეს, გარკვეულწილად, პროცესების ლიდერებად. მიმდინარეობს წარმოუდგენელი რეპრესიები… გეგმაზომიერად მიყვებიან და სამართლებრივად და 4-დან 5 ათასამდე ადამიანის გათავისუფლება იგეგმება, ვიცით იმ ადამიანების კვალიფიკაცია და ხედვები ვისაც უშვებენ და ვიცით, რატომაც უშვებენ – იმიტომ რომ არ მოსწონთ მათი  ხედვები. ისინი არიან ევროკავშირის წევრობის მომხრენი და რახან ეს არ მოსწონთ, სჭირდებათ მათი ალტერნატიული კადრებით ჩანაცვლება. ეს ის ადამიანები იქნებიან ვინც არიან უბრალოდ მორჩილები”, – ამბობს გიგა სოფრომაძე.

სოფრომაძისა და მსგავსი შინაარსის100-მდე სხვა სარჩელი წარმოებაში უკვე მიღებულია. მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულები დავის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში გეგმავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend