ჩინური კომპანიები უნგრეთში დიდი რაოდენობით დებენ ინვესტიციებს. უკვე დაგეგმარების ეტაპზეა ჩინური ელექტრომობილებისთვის საწარმო, რომლის გამოშვებულ ჩინურ პროდუქციასაც დაეწერება „დამზადებულია ევროპაში.“ 2025 წელს ქალაქ დებრეცენში ევროპაში ელექტრომობილების ბატარეების ყველაზე დიდი საწარმო ამოქმედდება.
7 მილიარდ ევროდ შეფასებული პროექტი მსოფლიო ბაზრის ლიდერ ჩინურ კომპანია CATL-ს ეკუთვნის. პროექტის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მსგავსი საწარმო მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და დასაქმების ზრდის თვალსაზრისით. თუმცა მოწინააღმდეგეები გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს, სუბსიდიების მოპოვების სურვილს, ასევე უნგრეთის ჩინეთსა და რუსულ ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულების ზრდის საფრთხეს ხედავენ.
ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი ქარხნები ლამის დღითიდღე ემატება მთელ ევროპაში. კლიამტის ცვლილება რომ შევაჩეროთ, წიაღისეულ საწვავზე უარი უნდა ითქვას. ამაზე მეცნიერები თანხმდებიან. მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის.
შიდა წვის ძრავის მიერ გამოყოფილი აირები ატმოსფეროში ტოვებს ნახშირბადს, რომელიც სათბური აირების გამონაბოლქვის ეფექტს აძლიერებს: დედამიწაზე დათბობის ტემპი იმატებს! სწორედ ამიტომ შიდაწვისძრავიანი ავტომობილები ევროკავშირში შესაძლოა აღარ გაიყიდოს 2025 წლიდან…შიდა წვის ძრავის ლობისტები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ გადაწყვეტილების გაუქმებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
მალე ელექტრომობილები უფრო მოთხოვნადი იქნება. თუმცა მილიონობით ელექტრომობილს ასევე მილიონობით ბატარეა სჭირდება.
დღემდე ბატარეების მსოფლიო ბაზარზე ჩინეთია გაბატონებული. ჩინეთზე სრულად რომ არ იყოს დამოკიდებული, ევროპა ცდილობს ბატარეების საკუთარი წარმოება გააფართოოს. გიგანტური ქარხნები მთელ კონტინენტურ ევროპაში შენდება. 2030 წლისთვის ევროპის საწარმოო პოტენციალი შესაძლოა 1.7 ტერავატ საათიც კი იყოს.
ბატარეების ახალი რეგულაცია ძალაში 2024 წლიდან შევიდა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. მისი მიზანია ცირკულარული ეკონომიკის განვითარება: სულ უფრო მეტ ძვირფას ნედლეულს ამოიღებენ ძველი ბატარეებიდან და ხელახლა გამოიყენებენ.
2027 წელს ბატარეებს სწრაფი რეაგირების ე.წ. QR კოდიც მიენიჭებათ. მასზე ციფრული პასპორტის მსგავსად დატანილი იქნება ინფორმაცია იმ კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ნედლეულის შემცველობაზე, რომელიც გადამუშავებას ექვემდებარება. უნგრეთი განსაკუთრებულად ცდილობს, მიმზიდველი იყოს ბატარეების საწარმოსთვის და ამისთვის 2 მილიარდი ევროს იხდის პირდაპირი თუ ირიბი სუბსიდიის სახით .
უნგრეთი განსაკუთრებულად ჩინეთს ხვდება ხელგაშლილი. სულ მალე ევროპაში ბატარეების ყველაზე მსხვილი საწარმო ამოქმედდება უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქის – დებრეცენის შემოგარენში. გლობალური ბაზრის ლიდერი ჩინური კომპანია CATL-ი აქ შვიდი მილიარდი ევროს ინვესტიციას დებს – ბუდაპეშტის მთავრობა კი, თავის მხრივ, 800 მილიონი ევროს სუბსიდიის გაღებას აპირებს.
ანდრეა ელტეტე, უნგრეთის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (Institute of World Economics) უფროსი მკვლევარი, თვლის რომ უნგრეთის სტრატეგია შესაძლოა გეოპოლიტიკურად რისკი შემცველი იყოს.
„ბატარეების მთელ ინდუსტრიას უნგრეთის მიერ მოხმარებული მთელი ელექტროენერგიის მეოთხედი დასჭირდება,“ – განმარტავს ანდრეა ელტეტე.
„უნგრეთი ახლა მრავალმხრივ დამოკიდებული ხდება, რადგან ენერგორესურსების კუთხით ისედაც რუსეთზეა დამოკიდებული და ახლა ამას ჩინური ქარხნების მეშვეობით ჩინეთზე დამოკიდებულებაც ემატება. უნგრეთის მთავრობას სურს, ერთგვარად გლობალური მოთამაშე გახდეს ამ გეოპოლიტიკურ თამაშში, თუმცა გამოვა ისე, რომ უნგრეთი უფრო დამოუკიდებელი კი არ გახდება, არამედ მისი დამოკიდებულება უფრო მეტად გაღრმავდება“.
ჩინეთი უკვე იყენებს თავის სავაჭრო ძალას წნეხის გასაძლიერებლად: საკუთარ კომპანიებს ურჩიეს, ევროკავშირის იმ ქვეყნებში ჩადონ ინვესტიციები, რომლებიც უარს ამბობენ, რათა ჩინეთის იაფ იმპორტზე დამცავი ტარიფი დაწესდეს.
ავტორი: ჰანდ ფონ დერ ბრელი