მთავარიმსოფლიორა ხდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში?

რა ხდება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში?

„აფრიკის მესამე დიდი ომი“ – ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ სწორედ ამაში შეიძლება გადაიზარდოს ის მოვლენები, რომლებიც ახლა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ვითარდება.

რეგიონში კონფლიქტი ათეულობით წელს ითვლის, აქ ბოლო მსხვილ სამხედრო დაპირისპირებას, 1998 წელს, 6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაფერი დაიწყო 27 იანვარს, როდესაც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ „M23-მა”, იგივე „მარტი 23-მა“ დაიკავა კონგოს აღმოსავლეთით, რუანდის სახელმწიფო საზღვართან მდებარე უდიდესი ქალაქი გომა, რომლის მოსახლეობაც მილიონ-ნახევარს აღწევს.

„მარტი 23“ შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც ეთნიკური ტუტსებისგანაა დაკომპლექტებული. ის 2012 წელს კონგოში შეიქმნა და მათი მთავარი მოთხოვნა უმცირესობათა უფლებების დაცვაა. ისინი კონგოს ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, უზრუნველეყო ტუტსების ინტეგრაცია საზოგადოებაში, თუმცა შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერები თვლიან, რომ ამ მიზანს მთავრობამ ვერ მიაღწია და ამიტომ ისინი თავად აიღებენ იარაღს მშვიდობის დასაცავად.

დაჯგუფებას აქტიურად უჭერს მხარს  რუანდის ხელისუფლება. რუანდაში ცხოვრობს 14 მილიონი მოსახლე, რომელთაგან ორი მილიონი ეთნიკური ტუტსია.  ქვეყნის პრეზიდენტი პოლ კაგამეც ამ ჯგუფის  წარმომადგენელია.

კონგოს ხელისუფლება აცხადებს, რომ რუანდა არათუ იარაღს აწვდის “მარტი 23”-ის მებრძოლებს, არამედ თავად რუანდის 4000-ამდე ჯარისკაცი კონგოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებშია ჩართული.

კონგო აფრიკის მეორე უდიდესი ქვეყანაა 100-მილიონიანი მოსახლეობით. ქვეყანაში 250 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რაც 30 წელიწადზე მეტია, ანუ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწვევია და სეპარატიზმს უწყობს ხელს.

კვირას, 26 იანვარს,  რუანდის პრეზიდენტმა, პოლ კაგამემ განაცხადა, რომ საზღვართან არსებული დაძაბულობა რუანდის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.

გაეროში სიტყვით გამოვიდა კონგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტერეზა კაიკვამბა ვაგნერი. მისი თქმით, რუანდა რეგიონში არსებულ დაძაბულობას კონგოს “გასაძარცვად” იყენებს და გაეროს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“როგორც დღეს უშიშროების საბჭოში განვაცხადე, ვითხოვთ ხუთ დაუყოვნებლივ ნაბიჯს, რომლებიც იქნება ქმედითუნარიანი და ზუსტი. პირველი: რუანდის ჯარი უნდა გავიდეს კონგოს სუვერენული ტერიტორიიდან, რის გარეშეც პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრა შეუძლებელია. მეორე: აუცილებელია, საბჭომ სანქციები დაუწესოს რუანდის თავდაცვით ძალებს, რათა ვეღარ შეძლონ კონგოს წინააღმდეგ ომის წარმოება.  მესამე კი ისაა, რომ ემბარგო დაწესდეს რუანდის მიერ უკანონოდ მოპოვებული ჩვენი რესურსების ექსპორტზე, რაც ამ ომის დაფინანსებას შეუძლებელს გახდის“, – ამბობს ტერეზა კაიკვამბა ვაგნერი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მოვლენებს გამოეხმაურა კონგოს პრეზიდენტი ფელიქს ჩისეკედი და აღნიშნა, რომ რუანდა გაეროს წესდების პრინციპებს არღვევს.

“რუანდა ღიად და არაკეთილსინდისიერად არღვევს გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებსა და რეგიონულ შეთანხმებებს, მეტიც, ამას აკეთებენ დაუსჯელობის იმედით და საერთაშორისო წესებისა და ღირებულებების აშკარა უგულებელყოფით. ეს ამპარტავნული დამოკიდებულებაა. ისინი აღარ მალავენ თავიანთ დანაშაულს, რაც მიუღებელია ჩვენი სუვერენიტეტისა და რეგიონული სტაბილურობისთვის“, – ამბობს ფელიქს ჩისეკედი, კონგოს პრეზიდენტი.

„მარტი 23“-ის მებრძოლებთან შეტაკებებს გაეროს სამშვიდობო ძალების 14 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 200 000 ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. გაეროს ინფორმაციით, დაღუპულია 700 მოქალაქე. კონგოს დედაქალაქ კინშასაში რუანდის საელჩოს შენობა გადაწვეს.

აჯანყებულთათვის სიტუაციას ის ამარტივებს, რომ ქალაქი გომა და მისი შემოგარენი მეტწილად ეთნიკური ტუტსებითაა დასახლებული და მათ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მოსახლეობა მებრძოლებს ოვაციებითა და ტაშის კვრით ხვდება.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. აქ მოიპოვება ნავთობი, ოქრო, ალმასი, ურანი, სპილენძი, კობალტი, ლითიუმი. აგრეთვე, კონგო მსოფლიოში პირველია ელემენტ ტანტალის მარაგით, რომელიც მობილური ტელეფონებისა და ელექტრომანქანების ბატარეების დასამზადებლად უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

რესურსები მეტწილად აუთვისებელია და მათი საერთო ღირებულება 25 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

კონგოს აღმოსავლეთი რეგიონი ამ რესურსებით განსაკუთრებით მდიდარია, რაც აჩენს ეჭვს, რომ რუანდა, შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერით, რეგიონზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.

მიუხედავად ამისა, ვითარება ყოველდღიურად იძაბება, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი კი იზრდება. გაერო მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რადგან კონფლიქტის ზონაში საკვებისა და წყლის ნაკლებობაა, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ვითარება სწრაფად არ გაუმჯობესდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტი ფართო მასშტაბებს შეიძენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend