მთავარიევროპარუსეთირა უნდა პუტინს მშვიდობის სანაცვლოდ

რა უნდა პუტინს მშვიდობის სანაცვლოდ

უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა. აქვე აცხადებს, რომ  მისგან განსხვავებით კიევს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლის სურვილი არ აქვს.

რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან მისი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის მაისში ამოიწურა და შესაბამისად, მოლაპარაკებების წარმართვის მანდატიც არ აქვს.

,,მოლაპარაკება ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ რადგან მას ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ დავნიშნავ კადრებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ. დოკუმენტებზე საბოლოო ხელმოწერის საკითხი სერიოზულია, ამით გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები დიდი ხანია აცხადებენ, რომ კიევში მთავრობა დასავლეთის მიერ არის დასმული, თუმცა ამ განცხადების დასასაბუთებლად მტკიცებულებები არასდროს წარუდგენიათ.

ასევე დიდი ხანია, რაც შესაძლო მოლაპარაკებებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება „საბრძოლო ველზე არსებულ რეალობას“ უნდა სცემდეს პატივს და მოითხოვს, რომ უკრაინამ მის მიერ 2022 წლის სექტემბერში ოკუპირებული რეგიონები – დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟია და ხერსონი – სამხედრო ძალებისგან სრულად დაცალოს. სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ მთავარ პირობად ვლადიმერ პუტინი უკრაინის მიერ ნატოში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც ასახელებს.

მშვიდობის სანაცვლოდ მოსკოვი დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გაუქმებასაც ითხოვს, მათ შორის იმ სანქციებს, რომლებიც ზღუდავს მოსკოვის წვდომას გლობალურ ბაზრებზე და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.

სხვა პირობები აქვს უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკი ხაზს უსვამს რუსეთთან ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას და არა საბრძოლო მოქმედებების დროებით შეწყვეტას, რაც მოსკოვს ხელახალი შეიარაღების საშუალებას მისცემს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ლიდერს სინამდვილეში მოლაპარაკებების დაწყების ეშინია და მისი ყოველი ნაბიჯი თუ ცინიკური ხრიკი ომის სამუდამოდ გახანგრძლივებას ემსახურება.

„ვფიქრობ, შედეგის მისაღწევად მეტი გვჭირდება. მესმის, რომ გვაქვს ომის დასრულების საერთო ნება. უკრაინელებს ეს მსოფლიოში ყველაზე მეტად სურთ. რადგან ეს ომი ჩვენია, მსხვერპლი ჩვენია… ჩვენი ხალხი და ჩვენი დამოუკიდებლობა მუდმივი საფრთხის ქვეშაა, მუდმივი თავდასხმების სამიზნეა. თქვენ ეს ყველაფერი იცით. ამიტომ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია, უფრო ახლო თანამშრომლობა და ეფექტური გეგმა, რომელიც მტერთან, პუტინსა და რუსებთან დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასვლის შესაძლებლობას მოგვცემს.

პუტინს ნამდვილად შეეშინდება ჩვენთან პირდაპირი საუბრის. ვფიქრობ, იგი ამას საკუთარ მარცხად, საკუთარ სისუსტედ აღიქვამს. მას ეშინია და ამიტომ აკეთებს ყველაფერს, რათა ეს ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის ომად წარმოაჩინოს, როგორც ეს მის ძველ ნარატივშია… ვერ აღიარებს, რომ სინამდვილეში უკრაინასთან აგებს. მან ვერ დაამარცხა უკრაინა, ის ვერ აღიარებს ამას“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი უკრაინის სახელმწიფოს არსებობის უფლებას ეჭვქვეშ აყენებდა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ დღევანდელ, დამოუკიდებელ უკრაინას ხელოვნურ სახელმწიფოდ აღიქვამს, ხოლო მათ, ვინც ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ანტირუსულ ძალებად.

მისი ეს განწყობები კარგად ჩანდა 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მაშინ პუტინი ითხოვდა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტსა და დემილიტარიზაციას.

2022 წლის გაზაფხულზე სტამბულში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისას აშკარა  გახდა, რომ „დემილიტარიზაციის“  რუსული ხედვა უკრაინას განიარაღებულსა და დაუცველს დატოვებდა.

სტამბულში გამართული მოლაპარაკებებისას პუტინის წარმომადგენლებმა უკრაინული არმიის მკვეთრი შემცირება, სულ რაღაც 50,000 ჯარისკაცამდე დაყვანა, მოითხოვეს. ასევე სურდათ მნიშვნელოვანი შეზღუდვების დაწესება ნებადართულ ჯავშანტექნიკასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობაზე.

კრემლი დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის სრულ ნეიტრალიტეტსა და ვეტოს უფლების შენარჩუნებას კიევისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარებაზე, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში.

ექსპერტების თქმით, ცალმხრივი პირობები ეჭვს არ ტოვებს, რომ პუტინის მიზანი უკრაინის დამორჩილება და რუსეთის აგრესიის შემდეგი ეტაპისთვის მისი სრული დაუძლურება იყო. პირობების მიღება ნეიტრალურ უკრაინას დააკარგვინებდა ნატოს სახელმწიფოებისგან მხარდაჭერის მიღებისა და ყირიმსა და დონბასზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობას. მას მოუწევდა დონეცკისა და ლუჰანსკის დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე როგორც ჯერ კიდევ კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების.

სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ადრეულმა მცდელობებმა რეგიონში უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

ამ დროისთვის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე არსებული დისკუსია დიდწილად არის ფოკუსირებული იმაზე, თუ რას დათმობს უკრაინა. თუმცა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი შეკითხვა ის არის, თუ რეალურად რამდენად აქვს რუსეთის პრეზიდენტს ომის დასრულების ინტერესი… მათი თქმით, აქამდე გამართული მოლაპარაკებები მეტყველებს, რომ პუტინს მხოლოდ ომის უსასრულოდ  გაგრძელება სურს და იგი კვლავ ერთგულია მისი თავდაპირველი მიზნის – სრულად გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend