20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად დაწყებული შიმშილობა 27 იანვარს ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს საპროტესტო აქციების დაწყებიდან ორ დღეში დააკავეს. მას ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება.
ნიკოლოზი მისმა შეყვარებულმა, მარიამმა ნოემბრის შემდეგ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებში სულ ორჯერ მოინახულა. მეორედ მას შემდეგ, რაც ნიკოლოზმა ჟურნალისტის მიმართ სოლიდარობის ნიშნად თავადაც შიმშილობა გამოაცხადა.
„მეექვსე დღეს, როდესაც ვნახე, ვთხოვე, იქნებ შეწყვიტო შიმშილობა, ძალიან ცუდად ვარ მეც და შენც ძალიან ცუდად გამოიყურები-მეთქი. მისი მდგომარეობა რომ ვნახე, წარმოუდგენელი იყო, რომ გაეგრძელებინა შიმშილობა“, – ამბობს მარიამ ოთინაშვილი.
ადვოკატმა ნიკოლოზი ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ მოინახულა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ შეიტყო. როგორც ელგუჯა ავსაჯანიშვილი ჰყვება, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ ჯავახიშვილი ცალკე საკანში გადაიყვანეს, სადაც ბრალდებულმა ღამით გონება დაკარგა, თუმცა სამედიცინო დახმარება არ მიუღია. ადვოკატმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველსაც მიმართა, მაგრამ, მისი თქმით, დროული რეაგირება არც ამას მოჰყოლია.
„ჟურნალისტებსაც მიადგნენ, მედიას, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთადერთ იმედადღა გვექცა, რომლის დამსახურებაცაა, რომ მთლად საბჭოთა კავშირში არ ვართ, არ გვხვრეტენ ქუჩებში და სოლიდარობა როგორ არ გამომეცხადებინა? სოლიდარობა ჟურნალისტებს, სოლიდარობა მზია ამაღლობელსა და სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს!“ – წერდა ნიკოლოზ ჯავახიშვილი 25 იანვარს გავრცელებულ წერილში.
„ჟურნალისტები ყველა დაკავებული პირისთვის იბრძვიან, ინფორმაციას ავრცელებენ და (ნიკოლოზი) თვლის, რომ ჟურნალისტებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან. მას სურდა, რომ იმ ჟურნალისტებისთვის, ვისაც ჯერ არ შეხებიან და იმედია, არც შეეხებიან, ეთქვა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ და მადლიერები ვართ და მეორე – უშუალოდ ქალბატონი მზიას მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოევლინა”, – ამბობს ნიკოლოზის ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეწყვიტა, რის შემდეგაც სამარტოო საკნიდან კვლავ ძველ საკანში, სხვა ბრალდებულებთან დააბრუნეს.
„ძნელია თქვა, რომ ადამიანი, რომელიც უსამართლოდ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არის დაკავებული, მუსიკოსი, 20 წლის ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს და უწევს გლდანის დახურული ტიპის დაწესებულებაში ყოფნა, კარგად არის. ამის თქმა არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არის ეს კარგად ყოფნა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. თუ ვიტყვით მისი შიმშილობის პერიოდთან შედარებით როგორ არის, შედარებით კარგადაა. შემართება, ბრძოლის მუხტი და სურვილი მას ყოველთვის ჰქონდა, როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს”, – ამბობს ავსაჯანიშვილი.
„მისი ოცნება იყო, რომ ერთ დღესაც ისეთი ცნობილი დიჯეი გამხდარიყო, გერმანიაში, კონკრეტულად ბერქაინში დაეკრა… ყოველთვის ცდილობდა, მოეძიებინა ახალი მელოდიები, შეექმნა თვითონაც, თვითონ აწყობდა ხოლმე მუსიკას. დიდად არ ვარ მე მუსიკალურ სფეროში განათლებული, მაგრამ ნიკასგან რაღაცები მეც ვისწავლე. რაღაცებს აწყობდა ხოლმე კომპიუტერში, მუსიკას ქმნიდა, მაქსიმალურად ცდილობდა, ცოტა დაეძინა, რომ თავის საქმეს არ მოწყვეტილიყო, იმ დონეზე უყვარდა თავისი პროფესია და საქმე”, – ჰყვება მარიამ ოთინაშვილი.
„საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებითაც კი არ დასტურდება, რომ ნიკოლოზმა ვინმეს ესროლა(პიროტექნიკა). ამასთან, დაცვის მხარეს ჰყავს დაახლოებით ოთხი მოწმე, რომლებიც ადასტურებენ ამას. ვიდეოშიც კი ჩანს, რომ ჰაერში ისვრის, ჩვენი სასამართლოს პირობებში რაც ხდება, კი ვხედავთ, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უნდა მივმართოთ, რადგან ჩვენების მიცემისას განხორციელდა მასზე ზეწოლა – ისეთი რაღაცები დააწერინეს, რაც არ ყოფილა… სახელები და გვარები ვიცით, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ საგამოძიებო სამსახურს გასაუბრებაზეც არ ჰყავს დაბარებული.
ის 7 კაცი, ვისთან ერთადაც მოიაზრებენ ჯგუფურ ძალადობას, საერთოდ ერთმანეთს არ იცნობდა – სულ სხვადასხვა ქმედებაზე არიან დაკავებულები. აბსურდული ბრალდებაა. ადამიანმა ჰაერში ფეიერვერკი ისროლა, ახალი წლის ღამესაც დაშვებული იყო სროლა და იმ პერიოდში, როცა ის დააკავეს, ფეიერვერკის სროლა საერთოდ დანაშაული არ იყო”, – ამბობს მარიამ ოთინაშვილი.
როგორც მარიამი ჰყვება, ნიკოლოზისთვის ციხეში მისი საყვარელი საქართველოს დროშის შეგზავნა რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.
„ნიკას სურდა, რომ მისი დროშა ჰქონოდა პროცესზე, მაგრამ მოსამართლემ არ მისცა უფლება, რომ დროშა გაეშალა, ამიტომ მე გავშალე დროშა. არ ვიცი, რამდენად უნდა მქონდეს იმედი ამ მთავრობისა და ამ მოსამართლეების ხელში, იურისტი ვარ და ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია ეს საკითხი, რაც ახლა ხდება ზოგადად სახელმწიფოში. არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს და გული მისკდება. არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა! ყველაზე კარგი სლოგანია ეს – უსამართლო სასამართლო, მართლაც და ხალხის ძალის ეშინოდეთ”, – ამბობს მარიამი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ერთად პროკურატურამ ბრალი კიდევ 7 პირს: ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ზვიად ცეცხლაძეს, გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევსა და თორნიკე გოშაძეს წარუდგინა. აქედან 3-ს – ცეცხლაძეს, კაძელაშვილსა და კასრაძეს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება, დანარჩენებს კი ძალადობაში მონაწილეობა. მათი სასამართლო პროცესი 6 მარტს, 12 საათზეა ჩანიშნული.