საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკულ რეზოლუციაზე ისაუბრა და შეაფასა მისი მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეწყვიტოს მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციაში შეტანილი ჩანაწერები „აბსურდულია“.
„ხედავთ, რამდენად აბსურდული ჩანაწერები შეიტანეს მათ იმ რეზოლუციაში, რომელიც დამტკიცდა 140 ხმით. აქედან გამომდინარე, ასეთი უსამართლობის პირობებში, ასეთი პრობლემების პირობებში, ჩვენს მუშაობას ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეაში აზრი აქვს დაკარგული. მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება. თუ დასრულდება ის უსამართლობა, ის არასწორი მიდგომა, პრობლემები ევროპულ ბიუროკრატიაში რასაც ვხედავთ, რა თქმა უნდა, განვაახლებთ მუშაობას. ამ ეტაპზე, ამის ვერავითარ აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის მიმართ, ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონისა და ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკკლირის მოთხოვნას, დაასანქციროს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი კობახიძის თქმით, ამგვარი მოწოდებები მისთვის „აბსოლუტურად გაუგებარია“.
„ზოგადად, დიდი ბრიტანეთი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანია. ვიღაცებს „შერატონი“ ჰქონიათ ცივილიზაციის აკვანი, სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საუბრობს სანქციებზე, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუგებარია. ეს ჯონ ლოკის ქვეყანაა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი, აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მედიასთან ირაკლი კობახიძის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაც იყო, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო დაფინანსების დროებით შეჩერებას შეეხება. მისი შეფასებით, აშშ-ის დაფინანსება ხშირად „რევოლუციური სცენარების“ განხორციელებას ხმარდებოდა.