კულტურის სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მხარდასაჭერად, კიდევ უფრო აქტიურდებიან და სამომავლო პროტესტზე მსჯელობენ. ისინი დღეს, 31 იანვარს, საპატიმროში მყოფთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს შეხვდნენ. მათ ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.
დღესვე ითქვა, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ყოველ პარასკევს შეუერთდებიან პატიმართა გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ ყველა ღონისძიებას.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ფართო საზოგადოებასაც და საკუთარ თავსაც დავანახოთ, ვის ვებრძვით, ვისგან ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, სამართლიან სახელმწიფოს “- ამბობს რეჟისორი პაატა ციკოლია.
დღევანდელ შეხვედრაზე დაკავებულთა შესახებ საუბრის გარდა, განხილვის მთავარი თემა მზია ამაღლობელის საქმე იყო. საპატიმროში მყოფთა ოჯახის წევრები აცხადებენ , რომ ჟურნალისტის შიმშილობა უმძიმესი ფაქტია და რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ მის გასათავისუფლებლად.
„მიმაჩნია, რომ უნდა იყოს კულტურის სფეროს უფრო ფართო წარმომადგენლობა,მათ შორის მხატვრები და ა.შ. თეატრი რასაც აკეთებს, მადლობის მეტი რა გვეთქმის. კულტურის სფეროდან უფრო მეტი ადამიანი უნდა გაერთიანდეს – უნდა მოვაწყოთ გამოფენები, ღონისძიებები, მოვიწვიოთ ყველა ქვეყნის ელჩი და ა.შ”,- ამბობს ირინა გუნცაძე , საპროტესტო აქციებზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დეიდა.
უკვე 65 დღეა საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება. მოთხოვნები კი უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში სისხლის სამართლის წესით 40-ზე მეტი პირი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით, კი ასობით საქმე აღიძრა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ვიდრე ხელისუფლება შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამს, პროტესტი არ დასრულდება.