მთავარისპორტიგუნდი დამწყები ფეხბურთელებისთვის

გუნდი დამწყები ფეხბურთელებისთვის

თბილისის ერთ უბანში 3 წლის წინ პატარა ფეხბურთელებისთვის კლუბი შეიქმნა. ამ კლუბის მთავარ მწვრთნელს ეს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ფეხბურთის თამაში მისმა შვილმა გადაწყვიტა, 7 წლის ზიზუმ. კლუბი ნელ-ნელა გაიზარდა და ახლა უკვე 12 პატარა ფეხბურთელს აერთიანებს.

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე – ეს ის ფეხბურთელებია, რომლებიც პატარა გუნდის მოთამაშეებს ყველაზე დიდ მოტივაციას აძლევენ. და თუკი ადრე მათ მესისა და რონალდუს მაისურები ეცვათ, ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მაისურებით იწონებენ თავს.

პატარა გუნდის მწვრთნელი შაკო კუპატაძე ამბობს, რომ დღეს, სკოლის ასაკის ბავშვებში ფეხბურთი ძალიან მოთხოვნადი გახდა. საგრძნობლად მომრავლდა საფეხბურთო სკოლები თუ კლუბები თბილისსა და რეგიონებში. მწვრთნელი ამას საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით ხსნის.

10 წლის ასაკის ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ისინი კვირაში 3-ჯერ, ძირითადად საღამოს საათებში ვარჯიშობენ. მიუხედავად ცივი ამინდებისა, ვარჯიშების გაცდენა არ უყვართ და ბოლომდე იხარჯებიან.

მწვრთნელი ამბობს, რომ მის გუნდში ვარჯიში სულ უფრო მეტ პატარას სურს და მათ ამ გატაცებას მშობლებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან.  კლუბ „ძმებში“ ადგილები უკვე შევსებულია.

მიუხედავად  დიდი სურვილისა, შაკო კუპატაძე 12-ზე მეტ ბავშვს ვერ ავარჯიშებს. ამისთვის არც შესაბამისი სტადიონია და არც საფეხბურთო ინვენტარი. მწვრთნელი ამბობს, რომ ბავშვებს, რომლებსაც ახლა ფეხბურთზე მეტად არაფერი უყვართ, მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.

კლუბ „ძმებში“ მხოლოდ ფეხბურთს არ სწავლობენ. როგორც გუნდის პატარა წევრები ამბობენ, მათ ერთად თამაშისას, დიდი მეგობრობაც ისწავლეს.

შაკო და პატარა ფეხბურთელები აგრძელებენ შრომას და როგორც მწვრთნელი ამბობს, ამ შრომასთან ერთად, მათი პროგრესიც თვალსაჩინოა. პატარა სპორტსმენებმა უკვე დაიჯერეს რომ ნამდვილად შესაძლებელია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში და დიდი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობა. ისე როგორც ეს კვარამმამარდამბუდუმ, ქოჩორამ და სხვა მათმა გმირებმა შეძლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend