მთავარისაქართველოევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მუშაობას წყვეტს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მუშაობას წყვეტს

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი,“ – ზურაბ ჟვანიამ ეს სიტყვები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 1999 წელს თქვა.

26 წლის შემდეგ კი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს ასამბლეაზე მუშაობას წყვეტს.

გადაწყვეტილების შესახებ, სტრასბურგიდან ევროსაბჭოს ასამბლეაზე მყოფმა საქართველოს დელეგაციის წევრებმა თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ მას შემდეგ განაცხადეს, რაც ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება  შეუზღუდეს და საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს.

„არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსაფუძვლო და საფუძველს მოკლებულია. ამასთან კატეგორიულად მიუღებელია ის პირველი დათქმა, რომელიც სცილდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ასოციათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს. თქვენი მხრიდან ამ დათქმის მიღება ჩვენი ამომრჩევლისა და საზოგადოების დიდი უმრავლესობის ღალატის ტოლფასი იქნებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა ვიმსჯელეთ და „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება არის დამტკიცებული დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში,“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ის დათქმები, რომლებიც ევროსაბჭომ საქართველოს 29 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში დაუწესა „უსამართლო და საფუძველმოკლებულია“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კენჭისყრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს 2025 წლის აპრილამდე გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გამოაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. რეზოლუციის თანახმად 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები, – მათ შორის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევა – ევროსაბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული ოცნების პოლიტიკა გააკრიტიკეს და საპროტესტო აქციებისას დაკავებულების, მათ შორის ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს.

„მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ, შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია… დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით,” – განაცხადა ევროპის საბჭოს წევრმა, ზანდა კალნინალუკაშევიცამ.

ასევე ასამბლეის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება შეეზღუდა. თუმცა დიალოგის შენარჩუნების მიზნით, ასამბლეამ საქართველოს დელეგაციას უფლებამოსილება სრულად არ შეუჩერა და 2025 წლის აპრილის სესიაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის ხელახალი განხილვა ჩანიშნა. ევროსაბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ჯერი ახლა საქართველოზეა.

„ევროპის საბჭო ყოველთვის იყო მრავალმხრივი ორგანიზაცია ევროპაში და მას აქვს ერთი მთავარი ამოცანა – მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც ადგანან მეტი დემოკრატიის, მეტი ადამიანის უფლებების, მეტი კანონის უზენაესობის გზას, მაგრამ საქართველო სხვა გზას ადგას, ის მიდის არასწორი მიმართულებით – ეს არის დღევანდელი გზავნილი. ის მიდის ნაკლები დემოკრატიული სტანდარტებისკენ, ნაკლები ადამიანის უფლებებისკენ, ნაკლები კანონის უზენაესობისკენ და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უპატივცემულობისკენ, ნაკლები ევროპისკენ. ჩვენ არა მხოლოდ შეშფოთებული ვართ, ისე, როგორც ბევრ სხვა ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ მზად ვართ ვიმოქმედოთ და ჩვენ უკვე ვმოქმედებთ. ასევე, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აპრილში,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრმა, ფრანკ შვაბებ.

„ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციის წინააღმდეგი იყო და სტრასბურგში გამართულ დებატებზე ასამბლეას მოუწოდებდა, რეზოლუცია არ მიეღო. სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა უფლებამოსილების ცნობისათვის დაწესებულ დათქმებს პრობლემატური უწოდა..

„ქართული ოცნების“ მთავრობის შესახებ, რომელიც ამაყობს იმით, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა აქვს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, შესანიშნავი თანამშრომლობა აქვს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან და არაერთ სხვა სექტორში საუკეთესო პარტნიორია, ვერავინ იტყვის, რომ დემოკრატიული რეგრესი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ, ზოგიერთს, არ მოგწონთ ქართველი ხალხის თავისუფალი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შესახებ“ – განაცხადა თეა წულუკიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რასაც მან „აბსოლუტურად აბსურდული“ უწოდა. მისი განცხადებით თუ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ქვეყნის მიმართ შეიცვლება, მაშინ საქართველოს წარმომადგენლობაც დაუბრუნდება მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მან ასევე განაცხადა, რომ ევროსაბჭოს ამ გადაწყვეტილებას დღეს საქართველოსთვის „რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონია.“

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend