ევროკავშირს სურს, რომ 2050 წლისთვის ნახშრიბადნეიტრალური გახდეს. თუმცა კავშირის შიგნით ჯერჯერობით ვერ შედგა კონსენსუსი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზანს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. ევრონიუსის რეპორტიორი ვალერი გორია დანიაში ჩავიდა, რადგან ამ ქვეყნის მთავრობას სურს, რომ 2030 წლიდან მეცხოველეობა ე.წ. ნახშირბადის გადასახადით დაბეგროს. ასეთი ტიპის გადასახადი მსოფლიოში პირველად ამოქმედდება.
ევროკავშირს სურს 2050 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდეს. თუმცა შუალედში სათბური აირების გამონაბოლქვი 2030 წლისთვის სულ მცირე 55% პროცენტით უნდა შემცირდეს. მაგრამ ექსპერტების მიხედვით, ეს მიზანი რომ შესრულდეს, სოფლის მეურნეობაში სათბური აირების გამონაბოლქვი უნდა განახევრდეს. ეს სექტორი მთელ ევროპაში მავნე გამონაბოლქვის 11.4 პროცენტს გამოყოფს. აქედან უმეტესი წილი მეცხოველეობაზე მოდის: მავნე აირები ძირითადად საქონლისა და ცხვრის საჭმლის მონელების პროცესში გამოიყოფა, ასევე საქონლისა და ღორების ნაკელის შენახვის დროს. ამას ემატება როგორც ქიმიური, ისე ნაკელის სასუქის მოყრის დროს გამოყოფილი გამონაბოლქვი. საფარნგეთი, პოლონეთი და გერმანია აგრარული სათბური აირების ყველაზე დიდ გამფრქვევ ქვეყნებად ითვლებიან ევროკავშირში. თუმცა მათ არც დანია ჩამორჩება, რომელიც რძის პროდუქტებისა და ღორის ხორცის მსხვილი ექსპორტიორია. მეცხოველეობა დანიაში სათბური აირების გაფრქვევის მეორე ყველაზე მსხვილი წყაროა ენერგოსექტორის შემდეგ.
პიტერ კიერი, რომელსაც ღორების ფერმა აქვს და დანიის მდგრადი სოფლის მეურნეობის ასოციაციის ხელმძღვანელია, დარწმუნებულია, რომ კარბონის გადასახადი კონტრპროდუქტიული იქნება და ფერმერები იძულებული გახდებიან, სხვა ქვეყნებში გაიტანონ ბიზნესი.
“ჩვენ ყველას, განსაკუთრებით დანიელ ფერმერებს, გვინდა რომ ვიყოთ რაც შეიძლება ეკომეგობრული და საუკეთესო. თუ კიდევ დაგვბეგრავენ, პრობლემები შეგვექმნება საქმიანობაში, რადგან ვეღარ ჩავდებთ ინვესტიციას მწვანე ტექნოლოგიაში,“ – ამბობს პიტერი. „ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელშიც სურთ გადასახადის შემოღება და ეს კი არ არის კარგი ბაზრისთვის. თუ კარბონის გადასახადს გადავიხდი, აღარ ვიქნები კონკურენტუნარიანი სხვა ქვეყნებთან მიმართებით, და უარს ვიტყვი მეცხოველეობაზე.“
მისი აზრით ერთადერთი გზა, რა შემთხვევაშიც კარბონის გადასახადმა შეიძლება გაამართლოს ის არის, თუ ევროპის სხვა ქვეყნებიც შემოიღებენ მას.
იეტე ბრედალ იაკობსენი, კლიმატის საკითხებში ევროპის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირის დონეზე უფრო მეტია გასაკეთებელი სათბური აირების გამონაბოლქვის შესამცირებლად.
“ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც დანიაში სათბური აირების დაბეგვრას აკრიტიკებენ, არის ე.წ. გადინების პრობლემა. იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც წარმოება გადის სხვა ქვეყანაში და შესაბამისად მას მიჰყვება გამონაბოლქვიც. აი აქ უნდა ითამაშოს ევროკავშირმა დიდი როლი. რადგან რაც უფრო ერთიანი პოლიტიკა გვექნება ევროპაში, მით უფრო ნაკლები იქნება ასეთი ტიპის გადინება, რადგან სხვა ქვეყნებმაც უნდა შეამცირონ გამონაბოლქვი,“ – განმარტავს იეტე ბრედალ იაკობსენი. „ჩემი აზრით ერთგვარი საფასო მექანიზმი უნდა ავამოქმედოთ აგრარულ სექტორში, რათა ემისიების შემცირების მოტივაცია გაჩნდეს. გარდა ამისა უნდა დავაკვირდეთ ერთიან აგრარულ პოლიტიკას და ვნახოთ, რისი შეცვლა შეიძლება. რადგან დღეის მდგომარეობით ძალიან დიდი რაოდენობით სუბსიდია მიდის ისეთ წარმოებებში, რომლებიც სათბური აირების წარმოქმნას უწყობენ ხელს, და არა იმ წარმოებებში, რომლებიც უფრო ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს იყენებენ.“
2024 წელს ფერმერების პროტესტის გამო ევროკომისიამ გადაიფიქრა სოფლის მეურნეობაში იმ დაგეგმილი ზომების ნაწილის გატარება, რომლებსაც 2040 წლისთვის დათქმული კლიმატის მიზნების აღსრულებისთვის უნდა შეეწყოთ ხელი.
ავტორი: ვალერი გორია