საერთაშორისო კანონმდებლობა კრძალავს ბრილიანტების შემოტანას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონფლიქტში არიან ჩართული, თუმცა ახლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმის გარჩევა, თუ რომელი ქვეყნიდან მოდის ძვირფასი ქვა. პოლონეთში მოქმედმა ლაბორატორიამ ეს პრობლემა გადაჭრა.
როგორ გგონიათ, ვალენტინობაზე ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი შესაძლებელია, რომ შემოტანილი იყოს რუსეთიდან, რომელიც კონფლიქტის გამჩაღებელი ქვეყანაა? ლეგალური გზებით ამის დადგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა ახლა პოლონეთში ევროპული პროექტის ფარგლებში მიაგნეს ისეთ უახლეს ნანოტექნოლოგიას, რომელიც ადგენს ბრილიანტის წარმოშობას.
„ახლა ხალხი მეკითხება: 100 პროცენტით დარწმუნებული ხართ, რომ ეს ქვა რუსეთიდან არ არის? დიახ, 100 პროცენტით გარწმუნებთ, რომ არ არის რუსული, რადგან აქ, ევროპაში, წესებს ვიცავთ“, – ამბობს ბარბარა დემბოვსკა, Diamonds Lab-ის მფლობელი.
ბარბარას ბრილიანტის ბიზნესი, რომელიც პოლონეთის ქალაქ პოზნანში აქვს გახსნილი, ნდობაზეა დაფუძნებული. იგი ძვირფას ქვებს მხოლოდ სანდო პირებისგან ყიდულობს ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში, თუმცა მათი სერტიფიკატებიც ვერ იძლევა ბრილიანტების წარმოშობის დადგენის 100-პროცენტიან გარანტიას. სწორედ ამის შეცვლას აპირებს ლაბორატორია Nanores-ის მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგია. ლაბორატორია ქალაქ ვროცლავში მდებარეობს.
„თუ გულსაბნევს, რომელიც ძალიან ცნობილი კომპანიის მიერ მოწოდებული 20, 30 ან 50 ქვისგან შედგება, მოჰყვება ინფორმაცია მისი მწარმოებელი კომპანიის შესახებ, იქნება ეს Cartier-ი თუ Harry Winston-ი, და თუ მასზე ამოტვიფრულია მწარმოებელი კომპანიის ინიციალები – ასეთ ნივთს თუ მოიპარავენ, ვერ გაყიდიან“, – განმარტავს ბარბარა.
ამ პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს რამდენიმე ტექნოლოგია, რომელთაც ორმაგი დანიშნულება აქვთ: ბრილიანტის შესახებ ინფორმაციის დატანა – ბრილიანტის სხივის თვისობრივი ცვლილებით ან ნივთზე ჰოლოგრამის განთავსებით – და ქვების წარმოშობის დადგენა.
„ბრილიანტის პასპორტი და მისი წარმოშობის დადგენა, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე მსოფლიოში ერთადერთი ტექნოლოგიაა, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების მიკროსქემის მოთავსება ბრილიანტის ზედაპირზე“, – ამბობს პაველ მორჯინსკი, ლაბორატორია Nanores -ის თანადამფუძნებელი.
ამ პროექტმა, რომელიც Nanores-ის ორი მილიონ ორასი ათას ევროზე მეტი დაუჯდა, მილიონ 750 ათასი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფონდიდან მიიღო. იგი შეამოწმეს 500×500 მიკრომეტრის მქონე ზედაპირებზე. მიკრომეტრი მეტრის ერთი მემილიონედი ნაწილია. მაინც რისთვის გვჭირდება ეს ტექნოლოგია? როგორია არსებული მდგომარეობა და რა არის ინოვაციური ამ პროექტში?
„ამჟამად ბრილიანტებს მხოლოდ მაშინ ადებენ სინჯს, როდესაც მისი დაწახნაგება დასრულებულია,“ – ამბობს მაგდალენა კოლდა, Nanores-ს პროექტის მენეჯერი. „ეს სინჯი ქვის სარტყელზე კეთდება. მაგრამ სულ თავიდან ქვას არავითარ ნიშანს არ ადებენ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, მიკვლევადობის ჯაჭვი რომ არ გაწყდეს. თუ ბრილიანტს დაწახნაგებამდეც დანიშნავ და არა მხოლოდ დაწახნაგების შემდეგ, მაშინ მისი მიკვლევადობის პროცესი უფრო სრულყოფილი იქნება“.
ბრილიანტის პასპორტის ტექნოლოგიას აწყვილებენ კიდევ ერთ ე.წ. „ციფრული ასლის“ ტექნოლოგიასთან. ეს ნიშნავს ციფრული ასლის შექმნას – ბრილიანტის სინჯის ასლის შენახვას მონაცემთა ბაზაში. ასე რომ, ერთი-ორ წელიწადში, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ტექნოლოგია დაპატენტდება და ბაზარზე გავა, ვალენტინობის დღეს ისეთ ბრილიანტს გაჩუქებენ, რომლის წარმომავლობაც კონფლიქტის გამჩაღებელ ქვეყანას არ უკავშირდება.
ავტორი: სელენა ვერი