საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე ვიდეომიმართვით წარდგა. სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ და დემოკრატიულ გამოწვევებზე, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიან ომზე ისაუბრა.
,,ვიტყოდი, რომ საქართველოს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა, უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის საკითხია, რადგან დღეს ჩვენ ერთპარტიული რეჟიმის წინაშე ვართ. ჩვენი პარლამენტი არალეგიტიმური პარლამენტია, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა და იმიტომაც, რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელშიც არცერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. მთავრობაც სწორედ ამ ერთი პარტიის მიერ არის ჩამოყალიბებული. მაგრამ რაც კიდევ უფრო მძიმეა – ამ პარტიის ხელშია ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ხოლო თავად ეს პარტია ერთი კაცის – ბატონი ივანიშვილის ხელში, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს. ასე რომ, ეს არის რეჟიმი რომელსაც არაფერი დემოკრატიული აღარ გააჩნია, რომელიც იქცა რუსული სტილის მმართველობად, სადაც ძალაუფლების ვერტიკალურმა დანაწილებამ დემოკრატიული ორგანიზაციები ჩაანაცვლა. ეს არის რეჟიმი, რომელიც გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო რუსეთისთვის გარკვეულწილად მეორე უკრაინაა.
,,აშკარაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში ამ ტერიტორიაზე ბატონობის და კონტროლის აღდგენის სურვილი არსებობს. ამას რუსეთი სხვადასხვა გზებით ცდილობს, ამის მაგალითია 3 + 3 ფორმატი, რომელიც რუსეთის, ირანის და თურქეთისთვის, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და საქართველოსთან ერთად – რეგიონის კონტროლის ახალ შესაძლებლობას წარმოადგენს”, – ამბობს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი.
საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მიმართვისას, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზეც ისაუბრა. მის თანახმად, ქვეყანაში არსებული დისკუსია ომისა და მშვიდობის შესახებ კლასიკური საბჭოური პროპაგანდის ნაწილია:
,,რუსეთი საქართველოს, მოლდოვას და რუმინეთის წინააღმდეგ დემოკრატიულ ინსტიტუტებს იყენებს, იყენებს არჩევნებს, პოპულიზმს, კორუფციას, პროპაგანდას, რომელიც ყველგან ერთნაირია ცენტრალურ თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. საქართველოში გვესმის არგუმენტი – ,,არ გვინდა ომი, გვინდა მშვიდობა“ – ეს კლასიკური პროპაგანდაა, რომელიც ყოფილმა საბჭოთა ხელისუფლებამ განაახლა”.
უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი იღვიძებს და ახლა, ევროკავშირის თავდაცვისთვის საკვანძო მომენტია.
,,რაც შეეხება ომს უკრაინაში – ევროკავშირი იღვიძებს, იღვიძებს აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებში მოსვლის გათვალისწინებითაც. ასე რომ როგორც არასდროს, ეს არის ევროკავშირის თავდაცვის და საკუთარი თავის დამკვიდრების დრო – საქართველო არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.