პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის მზადყოფნასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმაციის საკითხს.
ვლადიმერ პუტინი ასევე ამბობს, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრებაზე და გაიყვანოს ჯარი დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებიდან. ამის პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა ყოვლისმომცველი შეთანხმების აუცილებლობაზე
პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, თუმცა ამტკიცებს, რომ უკრაინას ეს არ სურს.
სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აქვს ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ის ვერ წარმართავს მოლაპარაკებებს.
„მოლაპარაკება ნებისმიერთან შეიძლება, თუმცა ვინაიდან იგი არალეგიტიმური პრეზიდენტია, მას არ აქვს უფლება, დოკუმენტზე ხელი მოაწეროს. თუმცა თუკი მას სურს მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მე ამისთვის გამოვყოფ შესაბამის კადრებს, რომლებიც აწარმოებენ ამ მოლაპარაკებებს. თუმცა საბოლოო ხელმოწერის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ამ დოკუმენტებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. დაუშვებელია რამე ხარვეზი და გადაცდომა. ყველა საკითხი კარგად უნდა იყოს შესწავლილი“, – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრებაზე და გაიყვანოს ჯარი დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონებიდან, რომლებიც რუსეთმა 2022 წლის სექტემბერში მიითვისა.
მოსკოვს ასევე სურს, რომ დასავლეთმა გააუქმოს დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთს უზღუდავს გლობალურ ბაზრებზე წვდომას, რაც, თავის მხრივ, სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ ყურადღება გაამახვილა ყოვლისმომცველი შეთანხმების აუცილებლობაზე. უკრაინის პრეზიდენტი არ ეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტას, რადგან ეს, მისი აზრით, რუსეთს მხოლოდ გადაიარაღების საშუალებას მისცემს.