რამდენიმეთვიანი მასობრივი ანტი-კორუფციული პროტესტების ფონზე, სერბეთის პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა. საპროტესტო ტალღა, 2024 წლის ნოემბერში, მატარებლის სადგურის ჭერის ჩამონგრევას მოჰყვა, რომელსაც 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც 27 იანვარს, ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესაბამისად – მთავრობის სასწრაფო და ვრცელ რეკონსტრუქციას გეგმავდა.
პრემიერმა გადადგომის უშუალო მიზეზად ახალგაზრდა სტუდენტზე, 28 ნოემბრის დილით მომხდარი თავდასხმა დაასახელა. გავრცელებული ცნობებით, თავდამსხმელები სერბეთის მმართველი პარტიის წევრები იყვნენ.
,,როდესაც დიალოგის აღდგენის იმედი ჩნდება, თითქოს უხილავი ხელი ახალ ინციდენტს ქმნის და კვლავ ზრდის დაძაბულობას“, – განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა 28 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.
,,ნოვი სადში წუხელ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჩემი უპირობო გადაწყვეტილებაა დავტოვო სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამ დილით, დიდი ხანი ვესაუბრე სერბეთის პრეზიდენტს… ყველაფერი განვიხილეთ და მან ჩემი არგუმენტები მიიღო. ვფიქრობ, ამით ვაჩვენებთ პასუხისმგებლობას, რათა არ გამწვავდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება და არ გაღრმავდეს საზოგადოებაში არსებული განხეთქილება. ვაჩვენებთ, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას და მზად ვართ ვითარების დასამშვიდებლად.
_მე და პრეზიდენტი ვესაუბრეთ ნოვი სადის მერსაც. დღეს ისიც გადადგება და აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას. ამით ჩვენ ვასრულებთ ყველაზე რადიკალი დემონსტრანტების პოლიტიკურ მოთხოვნებს“, -_აცხადებს მილოშ ვუჩევიჩი.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის პარალელურად, გაფიცულმა სტუდენტებმა დაასრულეს დედაქალ ბელგრადში, მთავარი სატრანსპორტო კვეთის 24-საათიანი ბლოკადა, რომლის მიზანიც ნოემბერში მომხდარი სასიკვდილო ინციდენტის გამო, ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდა იყო.
ბლოკადას ათასობით მოქალაქე შეუერთდა. მათ შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები, ფერმერები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას ალექსანდრ ვუჩიჩის ,,კორუფციულ“ ხელისუფლებას აკისრებდნენ.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები ვუჩიჩს ადანაშაულებენ დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვაშიც, მიუხედავად სერბეთის ევროკავშირში გაწევრების ფორმალური მცდელობებისა. თავის მხრივ, პრეზიდენტი სტუდენტებს, დაუზუსტებელი, უცხო ქვეყნის მიერ მართული ძალისთვის მუშაობაში სდებს ბრალს.
,,ნებისმიერი კრიზისი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვფიქრობ უკეთესი ცხოვრება, მაღალი ხელფასი და პენსია ყველა ადამიანის ინტერესშია.
დარწმუნებული ვარ, რომ ამას უნდა მოჰყვეს დიალოგი საზოგადოებაში. უნდა დაიწყონ საუბარი რექტორებმა და დეკანებმა. დიალოგის გახსნა ჩვენ საზოგადოების გამოჯანმრთელების დასაწყისი იქნება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ბოლო თვეების განმავლობაში, ქუჩის დემონსტრაციების უწყვეტი ტალღა, ალექსანდრ ვუჩიჩის ხელისუფლების წინაშე არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა.
პროტესტის ფარგლებში, სტუდენტები და სერბეთის სხვა მოქალაქეები, ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად 15-წუთიან სატრანსპორტო ბლოკადას მართავდნენ. ყოველდღე, დილის 11 საათსა და 52 წუთზე, ზუსტად იმავე დროს, როდესაც ჩამოინგრა სადგურის ჭერი.
გასულ კვირებში დემონსტრაციები რამდენიმე ინციდენტმა დაარღვია, მათ შორის, როდესაც სტუდენტებს პლაკატების გაკვრისას, რამდენიმე მამაკაცი ბეისბოლის ჯოხებით დაესხა თავს. სტუდენტების თქმით, თავდამსხმელები მმართველი პარტიის შტაბიდან გამოვიდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მათი ნაწილის კავშირები მმართველ პარტიასთან დადასტურებულია.
ამასთან ერთად, სერბეთის პრეზიდენტმა, დეკემბერში, სატელევიზიო მიმართვისას დაადასტურა მმართველი პარტიის რადიკალური ფრთის, ,,ლოიალისტების“ არსებობაც. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ჯგუფში, პარტიაში ბოლო წლების განმავლობაში შესული ფეხბურთელები იგულისხმებიან.
ექსპერტების თქმით, მილოშ ვუჩევიჩის გადადგომას დიდი ალბათობით სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა მოჰყვება. თუმცა, მანამდე გადადგომა პარლამენტმა უნდა დაადასტუროს, რომელსაც ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად ან ვადამდელი არჩევნების დასანიშნად 30 დღე აქვს.