ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მას გრენლანდია ისევ სურს… „გრენლანდია ჩვენთან იქნება, ვფიქრობ, გრენლანდიის მოსახლეობასაც ეს უნდა.. თუკი დანია ამას შეეწინააღმდეგება, ეს უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი იქნება“, – თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ გრენლანდიის აშშ-ის კონტროლქვეშ ყოფნა თავისუფალი მსოფლიოს დასაცავადაა საჭირო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ახსენა არქტიკაში რუსული და ჩინური ხომალდების ხშირი მანევრები და ყინულოვან კუნძულზე დანიის არმიის მცირე შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. ციტატა: „მათ ორი კვირის წინ ძაღლების ორი მარხილი განათავსეს და ფიქრობენ, რომ ესაა უსაფრთხოება…“
სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, დანიის სამეფოს გრენლანდიაზე დიდი სამხედრო ძალა მართლაც არ ჰყავს. ეს მოიცავს რამდენიმე საზღვაო საპატრულო ხომალდს, სადაზვერვო თვითმფრინავს და ასევე პატრულირებას მარხილში შებმული ძაღლებით. კოპენჰაგენი აპირებს დრონებისა და ორი ახალი საზღვაო ხომალდის დამატებას. ასევე გეგმავს არსებული ავიაბაზის გაუმჯობესებას იმისთვის, რომ შეძლოს თანამედროვე გამანადგურებლების – ეფ35-ების მიღება.
დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი სამშაბათს გერმანიაში ჩავიდა. ის ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერს უკვე შეხვდა, როგორც თავად ამბობს, „გაურკვეველი რეალობის არსებობის გამო. მეტე ფრედერიქსენი გეგმავს პარიზსა და ბრიუსელში ვიზიტსაც. მისი ევროპული შეხვედრები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ არ გამორიცხავს გრენლანდიაზე სამხედრო ძალით კონტროლის დამყარებას. ორშაბათს საღამოს დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმება გაფორმდა გრენლანდიისა და ფარერის კუნძულების მთავრობებთან იმ მიზნით, რომ გაძლიერდეს დანიის სამხედრო ძალა კუნძულის ირგვლივ.
ფრედერიქსენს არ უხსენებია ტრამპის მუქარა ოლაფ შოლცთან ვიზიტისას.
„ჩვენ გაურკვეველი რეალობის წინაშე ვდგავართ, იმ რეალობის, რომელიც ევროპის კიდევ უფრო მეტ გაერთიანებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს. ჩვენი კავშირები განმტკიცებულია ისტორიით, ღირებულებებით ევროპასა და ატლანტიკურ სივრცეში. ვხედავთ რუსეთის ჰიბრიდულ მოქმედებებს ევროპასა და ბალტიის ზღვაში… აგრესიული ომია ევროპის კონტინენტზე. სამწუხაროდ, რუსეთის გვერდით ირანია და ჩრდილოეთი კორეა. ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი, უფრო მეტად მტკიცე ევროპა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ევროპა და ევროპული ინტერესები. ევროპის გადასაწყვეტია, განსაზღვროს ჩვენი კონტინენტის მომავალი. ვფიქრობ, უნდა ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებით.“ – ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი.
კვლევითი ორგანიზაციების ცნობით, ბოლო წლებში რუსეთმა მართლაც გააძლიერა ჩრდილოეთის ფლოტი.
რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ციმბირში მდებარე „ნაგურსკოეს“ ავიაბაზაზე, განლაგებულია ბირთვული შეიარაღების მატარებელი სტრატეგიული ბომბდამშენები, ასევე სარაკეტო და სადაზვერვო სისტემები. რუსული წყალქვეშა ხომალდები მუდმივად პატრულირებენ არქტიკულ სარტყელზე. პერიოდულად ამ არეალში იმართება რუსულ-ჩინური სამხედრო სწავლებებიც.
რაც შეეხება აშშ-ს… ამერიკელი სამხედროები გრენლანდიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმყოფებიან. იქ არსებობს პიტუფიკის კოსმოსური ბაზა.
ესაა აშშ-ის ყველაზე უკიდურესი ჩრდილოეთით არსებული სამხედრო ობიექტი, სადაც 200-ამდე სამხედრო მსახურობს და განლაგებულია სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი და კოსმოსური სადაზვერვო სისტემები. ეს ბაზა ყინულოვან კუნძულზე 1951 წლიდან არსებობს.
და თუ მართლაც გრენლანდია აშშ-ის კონტროლს დაექვემდებარება ეს არქტიკის ძალთა ბალანსს აუცილებლად შეცვლის.