ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი და სამი სტუდენტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან ხუთიათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე კი პატიმრობაში დატოვა.
“იმდენად განვიცდი, რომ ჩემი სტუდენტი დარჩა საპატიმროში და მე გარეთ ვარ. გული მტკივა, ნეტა მე ვიყო იქ და ის იყოს გარეთ“ – თქვა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანმა, მამუკა ჯორბენაძემ გათავისუფლების შემდეგ.
ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა. დაზარალებულად მიჩნეულმა პირებმა, ირაკლი დევაძემ და ირაკლი ნაკაშიძემ სასამართლოს წერილით მიმართეს, რომლის მიხედვითაც ისინი თანახმა არიან, რომ ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ.
უნივერსიტეტის დეკანი და ოთხი სტუდენტი 9 დეკემბერს, სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს.
ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანი და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ- ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარია.
მხარეებს შორის ინციდენტი უნივერსიტეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო გაფიცულმა სტუდენტებმა რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერი გააკრეს, რასაც უნივერსიტეტს ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან, თეა ცაგურიას ქმრისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.
„კაცებთან გაგსინჯავ ვინ ხარ, ენას ამოგაძრობ ნაძირალა ფაშისტო“ – მისწერა ირაკლი დევაძემ პროფესორ მამუკა ჯორბენაძეს, რის შემდეგაც უნივერსიტეტში თანმხლებ პირთან ერთად მივიდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება.