მთავარისაქართველოვის უხმობს ზარი...

ვის უხმობს ზარი…

მზია ამაღლობელი შიმშილობს… 15 დღე გავიდა… 16 დღე გავიდა…

მზია 11 იანვარს წაიყვანეს… წინასწარი ორთვიანი პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს შეუფარდა.

პროცესი 4 მარტს იქნება, მანამდე ვიშიმშილებო…

მას შემდეგ ქართული საზოგადოება გაოგნებული უზიარებს ერთმანეთს ამ ამბავს. ჟურნალისტი ციხეშია… ჟურნალისტ ქალს პატიმრობა მიუსაჯეს…

და ყველა, ყველა ამ პოლარიზებულ საქართველოში, ორივე პოლუსზე, კითხულობს რატომ? და საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხდება. მათაც, ვინც მზიას იცნობს და იცის ვინ არის. და მათაც, ვინც არ იცნობს და ფიქრობს რომ უმიზეზოდ ასეთი რამეები არ ხდება…

ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა, ბევრი და ისე, რომ დრო არ დაიკარგოს… და ისე რომ არ აღმოჩნდეს ძალიან გვიანი…

მზია დააკავეს, იმიტომ რომ პოლიციელს სილა გააწნა. გააწნა მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ პირდაპირ ეთერში გაიგონა პოლიციელის უშვერი და უხამსი გინება. დააკავეს შეურაცხყოფის შემდეგ, რომელიც ტრადიციულ საქართველოში არათუ ქალის მიმართ, მამაკაცის მიმართაც ყოველთვის სრულიად მიუღებლად ითვლებოდა.

მაგრამ როგორც უნდა იყოს, ქალმა მამაკაცს სილა გააწნა… და მას შემდეგ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტ-იურისტები დაუღალავად იმეორებენ, რომ სილის გაწვნის თანაზომადი არა და ვერ შეიძლება იყოს ასეთი სასჯელი. მაშინ რაღატომ…

მას შემდეგ რაც მზია დააკავეს არც ერთი წუთით არ შემწყდარა მღელვარება და პროტესტი. შეკრებები და მარშები, საჯარო გამოსვლები, წერილები, ხელმოწერები – „სოლიდარობა მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს“ … მაგრამ ამაოდ.

ციხეში მზია ამაღლობელმა შიმშილობა გამოაცხადა. მზია შიმშილობს…

“შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობისო“- თქვა მზიამ.

მერე საპატიმროდან წერილი გამოგზავნა – და ლეგენდარული სიტყვები თქვა – „სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა….“

სამივე სიტყვა ყველაზე მაღალ ფასეულობას გამოხატავს რაც კი არსებობს – სიცოცხლე, ღირებულება, თავისუფლება…

და მზია ამას ამბობს არა განცხადებისთვის, არა უბრალოდ ლამაზი სიტყვებისთვის. ეს მზიას არსია და სული, და მართლა ცხოვრების წესი… და სწორედ ამიტომ გვეშინია…

არადა დრო მიდის… სასტიკ ჯიბრსა და გაურკვევლობაში… მზია კი შიმშილობს.

„სისხლით დავიჭერ….“ – ახლა უკვე სრულიად სხვა აზრი შეიძინა ამ მუქარის სიტყვებმა. – სისხლით დაჭერილი მზია ამაღლობელი…

საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია საპატიმროში მოინახულა და მისი პასუხი გამოიტანა მათთვის, ვინც მას პირდაპირ საპროტესტო აქციიდან მიმართავდა, თუ პირად მუდარის წერილებს უგზავნიდა თხოვნით – შიმშილობა შეეწყვიტა.

ციხეში დაწერილ წერილში ეწერა:
„ჩემს მოცემულობაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ის მოქალაქე, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი. არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.

ეთერ თურაძე და მზია ამაღლობელი… ეს ორი სახელი ერთად შემოვიდა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაბადება ჯერ კიდევ საბჭოთა ჟურნალისტიკის ფონზე… მძიმე და საშიშ ფონზე. ასლან აბაშიძის დრო იყო ბათუმში…

მზია და ეთერი. ორი ახალგაზრდა ქალი, ორივე მშვიდი და აუღელვებელი. ნაზი და თითქოს მორიდებული… და ამავე დროს, საოცარი ცეცხლის და შეუვალი პრინციპების მატარებელი.

მზიამ და ეთერმა შექმნეს ეპოქა ქართულ ჟურნალისტიკაში. მათ შექმნეს გამოცემები „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. და ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ იმ დროიდან მოყოლებული იყო მაღალი სინჯის, საუკეთესო, და სინდისიერი.

2004 წლის 31 მარტს, აჭარის მაშინდელი ავტოკრატიული მმართველის ასლან აბაშიძის რეჟიმის წარმომადგენლებმა ბათუმელების დამფუძნებლები მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე დააკავეს და 1 საათში გაათავისუფლეს. ასლან აბაშიძის მმართველობა დასრულდა, მაგრამ „ბათუმელებს“, „ნეტგაზეთი“ დაემატა და ამ გამოცემების კრიტიკული, თუმცა სრულიად და აღიარებულად მიუკერძოებელი მუშაობის გამო, ეს ორი გამოცემა არაერთხელ გახდა შემდეგი ხელისუფლების სამიზნე.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის უფლებებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. მათ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უკანონოა, როგორც ჟურნალისტის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდება, ისე პატიმრობის გამოყენება.

„353-ე მუხლი აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომლებიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად, თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი, თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით, თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. მზია ამაღლობელის ქმედება – გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძის სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომლებიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე მუხლის კვალიფიკაციას“, – ციტატის დასასრული.

კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც იურისტები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადების დარღვევაა.

მზიას ამბავი, დაკავების დღესვე გასცდა საქართველოს…

მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები. მედიის განვითარების საერთაშორისო ფონდი წერს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება არის სადამსჯელო პასუხი მის საქმიანობაზე და ხელისუფლების ძალისხმევა დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად. ორგანიზაცია იზიარებს ადგილობრივი იურისტების პოზიციას და აცხადებს, რომ წინასწარი პატიმრობა არ არის გამართლებული და რომ სილა არ არის საკმარისი “თავდასხმის” ბრალდებისთვის.

ამ წერილის ხელმომწერთა შორის არის ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია. ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტური პრინციპების დამცველი და ქომაგია და რომელიც ევროპელ ჟურნალისტებს იცავს.

„ ტოქსიკური ახალი ამბებით, პოლარიზაციითა და რთული საკითხებით სავსე სამყაროში ნამდვილად გვჭირდება ჟურნალისტიკა. გვჭირდება… მხოლოდ ჟურნალისტებს აქვთ ამის ინსტრუმენტები. მხოლოდ მათ ეხერხებათ ძიება. მხოლოდ ისინი ამოწმებენ ფაქტებს და აიძულებენ პოლიტიკოსებს, იყვნენ ანგარიშვალდებულნი. სწორედ ამიტომ არ უყვართ პოლიტიკოსებს ჟურნალისტები.“

ამას რენატე შრიედერი ამბობს ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი. ასე ხსნის იგი ორ სიტყვაში ჟურნალისტიკის დანიშნულებას და მისიას.

მზია შიმშილობს… ვის უხმობს ზარი?

პირველივე დღიდან, როცა ჟურნალისტიკას შეეხო. მზია ამაღლობელი ასე ცხოვრობს.. ასე ცხოვრება და მუშაობა ძნელია…

მზია არის უმაღლესი სინჯის პროფესიონალი, მიუკერძოებელი და მართალი საკუთარი სინდისის წინაშე, მზია ამაღლობელი ახლა ციხეშია…

და თუ აქამდე მზიას ვინმე არ იცნობდა, ახლა უკვე იცნობს… და ჟურნალისტიკის დანიშნულებაზე, მისიაზე, გრძელი საუბრები არ დასჭირდება რომ გაიგოს რა ხდება.

მზიამ ყველა გააერთიანა. ყველა ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთს არ ვეთანხმებით ვკამათობთ, რაღაც მოგვწონს, რაღაც არ მოგვწონს… მაგრამ ამაზე ყველაფერზე მერე… როცა მზია ჩვენთან ერთად იქნება.

ახლა კი, თავისუფლება მზია ამაღლობელს! უპირობო თავისუფლება, რომელიც სიცოცხლეზე მეტია!

მარინა ვაშაყმაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend