საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა და იგი არა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ, არამედ გაუარესებისკენაა მიმართული.
„თუ ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან დავინახოთ მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის.
ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
27 იანვარს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ჩერდება.
საბჭოს ოფიციალური განცხადების მიხედვით, „საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც ეს შეთანხმება დაეყრდნო და ეწინააღმდეგება ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ინტერესებს”.