ედრიენ ბროუდის ამერიკული საგა, სინათლის შოუ კოპენჰაგენში, გამოფენა, რომელიც ეძღვნება ძველ ბერძენ ქალებს და The Weeknd-ის უახლესი ალბომი – აი, რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
იანვარი შეიძლება ცოტათი დატვირთული იყოს, რადგან მთელი ჩვენი ყურადღება მომავალ წელზეა გადატანილი, თუმცა თვის ბოლო ახლოვდება, დღეც ცოტათი ხანგრძლივდება, შესაბამისად, იზრდება ახალი გამოშვებებისა და მოვლენების სია.
ამ კვირაში საინტერესო ღონისძიებები გელით: ნორვეგიელი ფოტოგრაფის მეტე ტრონვოლისადმი მიძღვნილი ულამაზესი გამოფენა კრისტიანსანში, სინათლის განსაცვიფრებელი ჩვენება კოპენჰაგენში და ბრაზილიელი მხატვრების 134 ნამუშევრის პირველი გამოფენა დიდ ბრიტანეთში.
ეს დრო მნიშვნელოვანია კინემატოგრაფიისთვისაც. ოსკარის ნომინაციები გასულ კვირას გამოცხადდა. ასევე 2025 წლის ბერლინალე გამოავლენს კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს, მათ შორისაა რიჩარდ ლინკლეიტერის „ცისფერი მთვარე“, (Blue moon) „ოქროს დათვის“ მფლობელი რადუ ჟუდეს „კონტინენტალი 25 (Kontinental ’25) და დაგ იოჰან ჰეუგერუდის ტრილოგიის „სიზმრების“(Dreams) ბოლო ნაწილი. ფესტივალი 13 თებერვლიდან იწყება. ასე რომ, უახლოეს კვირებში დაელოდეთ დამატებით ინფორმაციას.
გამოფენები:
the Kunstsilo, რომელიც გასულ წელს გაიხსნა, უკვე გახდა ევროპის ხელოვნების ერთ-ერთი მექაა – ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ის მდებარეობს ნორვეგიის პატარა და მზიან კრისტიანსანში, სადაც, როგორც წესი, კარგი ამინდია ხოლმე. გამოფენაზე წარმოდგენილია მეტე ტრონვოლის 90-ზე მეტი ფოტონამუშევარი, ძირითადად პორტრეტები და სანაპირო პეიზაჟის ამსახველი კადრები. ასევე პროექტი “Age 2024”. პროექტში ტრონვოლი უბრუნდება თემას, რომლითაც 30 წლის წინ იყო დაინტერესებული. გამოფენა ნორვეგიაში, კრისტიანსანში, 30 იანვრიდან 25 მაისის ჩათვლით გაიმართება.
საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო გაოცებული იყო უნატიფესად გამოძერწილი ბერძენი ქალღმერთების ქანდაკებებით. თუმცა ახალ გამოფენაზე წარმოდგენილია ქალის ტრანსფორმაცია ქალღმერთებიდან მოკვდავ ქალამდე, დედამდე, მღვდელმსახურსა თუ სექსმუშაკამდე. დამთვალიერებელს დაახლოებით 180 ქანდაკება და ფიგურა დახვდება გამოფენაზე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, კიკლადური ხელოვნების მუზეუმში. გამოფენა 2025 წლის 4 მაისამდე გაგრძელდება.
ღონისძიებები:
თუ ზამთრის ბნელი და ცივი თვეები თქვენზე უარყოფითად მოქმედებს, მაშინ კოპენჰაგენში კალეიდოსკოპური განათების ყოველწლიურ ჩვენებაზე გაემგზავრეთ. ბნელი და მოღუშული საღამოები მხატვრების, დიზაინერების, სტუდენტებისა და ორგანიზაციების 50-ზე მეტი წარმოდგენით განათდება. სრული პროგრამის დეტალების მოძიება ონლაინაც არის შესაძლებელი. ზოგიერთი ექსპონატი უკვე ხელმისაწვდომია სანახავად. ღონისძიება კოპენჰაგენში 31 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
აირის აპფელმა, რომელიც მუდმივად კაშკაშა ფერის კოსტიუმებში იყო გამოწყობილი და მრგვალი სათვალეები და მსხვილი ყელსაბამი ამშვენებდა, განსაკუთრებული სტილი შექმნა. მან დაამტკიცა, რომ ასაკი არაფერია, როცა საქმე თავისუფლად გამოხატვას ეხება. იგი გასულ წელს 102 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ტანსაცმელი, აქსესუარები, ავეჯი და ნამუშევრები კრისტის აუქციონზე გაიყიდება. წარმოდგენილი იქნება 18 სათვალე, 1950-იან წლებამდე დათარიღებული დახვეწილი სკამები, სირაქლემას ხის ქანდაკება და უამრავი ულამაზესი ტანსაცმელი. ღონისძიება ონლიანრეჟიმში 28 იანვარს დაიწყება და 13 თებერვლამდე გასტანს.
ნიდერლანდებში კი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება, რომელიც 30 იანვრიდან 9 თებერვლამდე გასტანს. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინალეზე ნაკლებად ცნობილია, როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ევროპაში. ის 1972 წელს კინოპროგრამისტმა ჰუბ ბალსმა დააარსა. ფესტივალი ახალგაზრდა კინემატოგრაფებს საშუალებას აძლევს, ნამუშევრები ოთხ კატეგორიაში წარადგინონ.
ფილმები:
ბრედი კორბეს ფილმი „ბრუტალისტი“ მოგვითხრობს უნგრელ არქიტექტორზე (მის როლს ედრიან ბროუდი ასრულებს), რომელიც ომის შემდეგ ევროპიდან პესნილვანიაში გადავა ახალი ცხოვრების დასაწყებად.
ფილმი, რომელმაც უკვე აიღო „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო, წარდგენილია ოსკარის 10 ნომინაციაზე. ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მათი აზრით, რეჟისორის მიმართულება ძალიან ჰგავს პოლ ტომას ანდერსონის პროექტს, როგორიცაა There Will Be Blood.
ოდესმე გქონიათ ისეთი შეგრძნება, თითქოს გითვალთვალებენ? ეს გრძნობა საფუძვლად დაედო სტივენ სოდერბერგის ახალ საშინელებათა თრილერს „Presence“, რომელსაც მოჩვენებათა სამყაროში გადავყავართ.
ფილმში მოზარდი გოგონა ქლოე (კალინა ლიანგი), რომლის საუკეთესო მეგობარი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ახალ სახლში დედასთან რებეკასთან (ლუსი ლიუ), მამა კრისთან (კრის სალივანი) და ძმა ტაილერთან (ედი მედეი) ერთად გადადის. ნელ-ნელა ოჯახის დინამიკა იცვლება და იბზარება. მათ შიში იპყრობთ. ქლოე სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ რაღაც არ არის რიგზე. ეს არის პარანორმალური ჟანრის ფილმი და ინოვაციური ნამუშევარი.
გასულ წელს, ვენეციის კინოფესტივალზე პრემიერის შემდეგ, ფილმი Jouer Avec Le Feu (The Quiet Son), რომელიც პოლიტიკურ ექსტრემიზმს ეხება, ახლა საფრანგეთში გამოდის.
დელფინ და მურიელ კულინების მესამე ფილმში ვინსენტ ლინდონი მონაწილეობს. იგი მარტოხელა მამაა, რომელსაც ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვაჟი ჰყავს. უმცროსს დიდი მიღწევები აქვს, სწავლობს პრესტიჟულ სკოლაში, მისი უფროსი ვაჟი კი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცევა.
ტელევიზია
Prime Target
ვინ იფიქრებდა, რომ მათემატიკა შეიძლება იყოს ასეთი ამაღელვებელი? ფილმის გმირი, გენიალური მათემატიკოსი ედვარდ ბრუქსი (ლეო ვუდალი) ფიქრობს, რომ მან აღმოაჩინა სამყაროს საიდუმლოებები მარტივი რიცხვების მიხედვით, რაც მას საშუალებას მისცემს, მსოფლიოს ყველა კომპიუტერზე ჰქონდეს წვდომა. თუმცა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა შესაძლოა, მსოფლიოში ქაოსი გამოიწვიოს.
მუსიკა
Mogwai – The Bad Fire / Central Cee – Can’t Rush Greatness / FKA twigs – Eusexua
იანვარში ახალ მუსიკალურ ნამუშევრებს გვთავაზობენ. როგორც წინა გამოშვებაში აღვნიშნეთ, FKA twigs-მა 24 იანვარს ახალი ალბომი გამოუშვა. ასევე ახალი ალბომები გამოუშვეს Mogwai-მ და Central Cee-მ. თუკი ჯერ არცერთისთვის არ მოგისმენიათ და ვერ გადაგიწყვეტიათ, საიდან დაიწყოთ, მაშინ ჩვენს საიტზე ვრცელ მიმოხილვებს გაეცანით.
The Weeknd: Hurry Up Tomorrow
როგორც იქნა, გამოვიდა აბელ ტესფაიეს The Weeknd-ის მეექვსე ალბომი, რომლის გამოშვება ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების გამო დაგვიანდა. ტრილოგიის ბოლო თავი, რომელშიც შედის 2020 წლის After Hours-სა და 2022 წლის ‘Dawn FM’, The Weeknd სახელით ბოლო გამოშვება იქნება. ეს ალბომი იქნება გაწმენდისა და ხელახალი დაბადების ერთგვარი სიმბოლო. მან ასევე უკვე გამოუშვა სამი სინგლი, სახელწოდებით ‘Dancing in the Flames’, ‘Timeless’ და ‘São Paulo’.
ლედი გაგას განცხადება
თუკი ამას კითხულობთ მისი გამოქვეყნების დღეს (27 იანვარს), ეს დიდი დღეა პატარა მონსტრებისთვის (ლედი გაგას თაყვანისმცემლებისთვის). გასულ კვირას პოპმომღერალმა თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა განცხადება და დაიწყო ათვლა. მისი თქმით, 27 იანვარს, საღამოს 5 საათზე, საზოგადოება ახალ ამბავს გაიგებს. სავარაუდოდ, ეს დაკავშირებული იქნება მის მომავალ მეშვიდე ალბომ “LG7-თან”, რომლის პირველი სინგლი “Disease” გასული წლის ოქტომბერში გამოვიდა.