სტრასბურგში, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე მოხსენება წარადგინა.
სესიის ფარგლებში, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე, ისე კენჭისყრის დღეზე. იულიან ბულაის შეფასებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პოლარიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის, ისე მედიასივრცეში.
მისივე თქმით, არჩევნების დღესა და პოსტსაარჩევნო პერიოდში საქართველოში განვითარებული მოვლენები კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ აყენებს.
„გასული წლის ნოემბერში საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოხსენება გამოქვეყნდა, რომელშიც საარჩევნო პროცესია შეფასებული. ჩვენ ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებთან ერთად ვაკვირდებოდით საქართველოში საარჩევნო გარემოს. ეს იყო პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა.
„ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53.93% მიიღო, საარჩევნო ბარიერი კიდევ სხვა ოთხმა პარტიამ გადალახა. რა დასკვნა გავაკეთეთ ჩვენ ამ დაკვირვების შედეგად?
არჩევნები ჩატარდა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, ასევე დიდი ანტაგონიზმი ჩანდა მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ სიძულვილის ენის გამოხატვით. იყო ხმების მოსყიდვისა და რამდენჯერმე ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით რეგიონებში. საარჩევნო უბნებზე იყო დამონტაჟებული კამერები, იყო ხალხის დაშინებისა და ამომრჩევლების გაკონტროლების მცდელობები. ხალხს ჰქონდა განცდა, რომ „მათ დიდი ძმა უთვალთვალებს“.
ასევე არსებობდა კითხვები გარკვეული სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით.
ჩვენი დასკვნის თანახმად, ამ ყველაფერმა საკმაოდ დააზიანა და გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და მისი შედეგების მიმართ ნდობას. ამიტომ გაჩნდა კითხვები გამოხატავდა თუ არა არჩევნები ქართველი ხალხის ნამდვილ სურვილს“, – განაცხადა PACE-ის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ განვითარებულ პროცესებს. მისი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებები ანტიდემოკრატიულია. საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან იულიან ბულაი საპროტესტო აქციებისას დაკავებულებზეც ისაუბრა, მათ შორის გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებ.
„მინდა ვთქვა, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი – გათავისუფლდეს 53 პოლიტპატიმარი. ერთი მათგანი, ჟურნალისტი უკვე 16 დღეა შიმშილობს. მეორე – ყველაფერი რაც არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ძალასთან დიალოგში, ახალი არჩევნებისთვის მუშაობისკენ მოუწოდოს, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტმა ფუნქციონირება შეძლოს“, – განაცხადა იულიან ბულაიმ.
27 იანვარს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. განსახილველ თემებს შორის ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხიც იყო, რომელიც დღის წესრიგში შვედმა დეპუტატმა, ბორიანა ობერგმა დააყენა.
სესიის პირველ დღეს, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.