აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დეპარტამენტი გააგრძელებს “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის აღსრულებასა და დაცვას.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა გუსტავო პეტრომ უარი თქვა კოლუმბიის მოქალაქეების რეპატრიაციაზე.
მოვლენებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. მისი თქმით, კოლუმბიის პრეზიდენტმა უარი მაშინ თქვა, როდესაც სამგზავრო თვითმფრინავები უკვე ჰაერში იყო. მარკო რუბიო აღნიშნავს, რომ მხარეები მოქალაქეების დაბრუნებაზე შეთანხმებული იყვნენ. მისივე თქმით, ისინი დაიცავენ შტატების საზღვრების უსაფრთხოებას და აღკვეთენ უკანონო მიგრაციას.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კოლუმბიის პრეზიდენტის ქმედების საპასუხოდ ბოგოტაში ამერიკის საელჩო მუშაობას შეწყვეტს, აგრეთვე, გააჩერებენ ვიზების გაცემას კოლუმბიის მოქალაქეებზე, ხოლო მათ, ვინც ჩართული იყო ამ შეთანხმების დარღვევაში, სავიზო სანქციებს დაუწესებენ.
“დონალდ ტრამპმა გასაგებად განმარტა, რომ მისი ადმინისტრაციის პირობებში შეერთებულ შტატებს ვერავინ გამოიყენებს და ვეღარავინ მოატყუებს” – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.
განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა დაადასტურა, რომ კოლუმბია დათანხმდა პრეზიდენტ ტრამპის ყველა პირობას და მზადაა მიიღოს ყველა უკანონო მიგრანტი, რომელთა დეპორტაციაც შეერთებული შტატებიდან იგეგმება.