25 იანვრის საღამოს მოქალაქეებმა კვლავ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. იქ მყოფები ამბობენ, რომ მიუხედავად მათთან და მათ მეგობრებთან არაერთი ზარისა, შესაძლო 5000-ლარიანი ჯარიმის შესახებ, ისინი კვლავ გააგრძელებენ პროტესტს, მათ შორის ქუჩების გადაკეტვას.
„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საავტომობილო გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა 5 000 ლარამდე გაიზარდა.
პროტესტის 59-ე დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რამდენიმე მსვლელობა შეუერთდა. მათ შორის, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სახალხო პოეტის, მიხა ხელაშვილის სახელობის საპროტესტო მსვლელობაც, რომლის მონაწილეებიც პარლამენტის მიმართულებით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ.
„მიხა ხელაშვილი ქართველების ხელით მოკვდა… დღესაც ვართ რეალობაში, რომელშიც ისევ ქართველები ჰყიდიან საქართველოს“, – განაცხადა მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ცალხელიშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან.
პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც, რომლებიც დღის მანძილზე საპროტესტო გზავნილით – „გააშუქე სიმართლე“ ჯერ POSTV-ისა და ტელეკომპანია „იმედის“ შენობებთან, მოგვიანებით, კი საზოგადოებრივ მაუწყებელთან მივიდნენ.
რუსთაველის გამზირზე პროტესტის 59-ე დღესაც მივიდნენ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები. ისინი დემონსტრაციებისას დაკავებულ მოქალაქეებსა და კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ.
„როდესაც სამშობლოს უჭირს, ხელოვანები ყოველთვის ერთად დგანან“- უთხრა ევრონიუს ჯორჯიას მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას.
სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა – მუსიკოსებმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს დემონსტრაციებისას დაკავებული მოქალაქეების მხარდასაჭერად. კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, რომელიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა.
დღევანდელ აქციაზე მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, რომელიც დაკავების დღიდან, უკვე 12 დღეა შიმშილობს. ჟურნალისტი დაკავებულია სისხლის სამართლის წესით და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროტესტის თითქმის ორი თვის თავზე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. ისინი ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.