რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით სურათი იცვლება. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები კი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
სამხედრო საფრთხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოსთვის, რადგან ჩვენს ქვეყანაში, ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის ჯარი დგას. ამ საფრთხეს კი უპირისპირდებიან ქვეყნის თავდაცვის ძალები. დოკუმენტი სახელწოდებით „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა“ ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტია.
ბოლო დოკუმენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, 2021-2025 წლებს მოიცავს. თავდაცვის დაგეგმარებაში გამოკვეთილია ორი დონე: ეროვნული და უწყებრივი. ეროვნული დონე მოიცავს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს და ეს ის დოკუმენტია, რომელიც 2011 წლის შემდეგ ჯერ კიდევ არ განახლებულა. შემდეგია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომელსაც ამტკიცებს მთავრობა, იქვეა ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმაც. უწყებრივ დონეზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი სტრატეგიული მიმოხილვაა. ის საფრთხეების შეფასების დოკუმენტთან ერთად თავდაცვის ძალების ოპერატიული გეგმების საფუძველიცაა. ეს დოკუმენტები ერთობლიობაში წარმოადგენს სტრატეგიულ ხედვას სწორედ უსაფრთხოების ჭრილში.
თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვაში განხილულია შემდეგი საკითხები:
- უსაფრთხოების კონტექსტი
- უსაფრთხოების გამოწვევები
- სწავლება და წვრთნები
- განათლება და პროფესიული განვითარება
- საერთაშორისო თანამშრომლობა
დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული საერთაშორისო პარტნიორობაზე, მათ შორის აშშ-თან, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებზე. მაგალითად, აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით აშშ-სა და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს. რამდენადაა თავდაცვის მოქმედი სტრატეგიული მიმოხილვა თავსებადი რეალობასთან და რა გამოწვევებს უპასუხებს, ან არ უპასუხებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა ისაუბრა.