ცნობილ ფესტივალზე Into the Open – ITO, წელს ბერლინში კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრია მიწვეული, დავით საყვარელიძის სპექტაკლით „იაკიში და პუპჩე“.
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მონაწილეობა ფესტივალში ITO განსაკუთრებული მოვლენაა. იგი ქართული კულტურის საშემსრულებლო ტრადიციებს კიდევ ერთხელ გაიტანს საერთაშორისო ასპარეზზე. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთისა და კერძოდ სოხუმის თეატრის ისტორია და მიმდინარე გამოწვევები საერთაშორისო აუდიტორიამ გაიცნოს.
სპექტაკლი „იაკიში და პუპჩე“, ბერლინის Kühlhaus-ში 2025 წლის 30 იანვარს გაიმართება. სოხუმის თეატრი, 1885 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე ათეული წელია წარმატებით განაგრძობს მუშაობას დევნილობაში.
ეს თეატრი ხელოვნების გამძლეობისა და ძალის სიმბოლოდ იქცა, იმის დასტურად, რომ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება უპირველესად სწორედ კულტურას შეუძლია და ამასთანავე ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საერთაშორისო დიალოგისა და თანამშრომლობის. ფესტივალის ITO – მთავარი თემაა „რიტუალები“, და სოხუმის თეატრის სპექტაკლი „იაკიში და პუპჩე“, რომელიც ქართული ტრადიციების უნიკალურობას წარმოაჩენს, ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა.