მთავარისაქართველოცესკოდან გათავისუფლებული 6 თანამშრომლის საქმეზე ISFED-ი სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ცესკოდან გათავისუფლებული 6 თანამშრომლის საქმეზე ISFED-ი სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ცესკოდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს.

15 საჯარო მოხელიდან 6-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას წარმართავს და მათ უფლებებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს. ორგანიზაცია უკვე ამზადებს სარჩელს.

საარჩევნო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია 2024 წლის 16 დეკემბერს დაიწყო და უწყებამ წინმსწრებად გაავრცელა განცხადება, რომ აპირებდნენ შტატების შემცირებას და ამას არ ჰქონდა პოლიტიკური საფუძველი.

თუმცა გათავისუფლებულთა შორის ძირითადად ის თანამშრომლები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სოციალურ ქსელებსა თუ სხვაგან ღიად დააფიქსირეს პოზიცია საქართველოს საგარეო კურსისა და 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

„16 დეკემბერს ბრძანება გამოიცა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს საშტატო ნუსხით, რომელიც ვნახეთ მივხვდით, რომ განთავისუფლებულები ვიყავით, ჩემი ჯგუფი აკეთებს სწავლების მონიტორინგს, რომელიც ძალიან მრავალრიცხოვანია, და ის 6 ადამიანი, რომელიც ვიყავით ჯგუფში ვერ ავუდიოდით ამას. ახლა გაურკვეველია, ვინ უნდა ჩაატაროს ეს. ჩემ პირად განთავისუფლებას ვუკავშირებ პოლიტიკურს, რადგან 30 ნოემბერს დავწერე სოცქსელში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით განცხადება და მაკა ჩიხლაძის ცემასთან დაკავშირებით და ვთვლი, რომ პოლიტიკური ნიშნთ ვარ გათავისუფლებული და ჩემი ოჯახის წევრები არიან ოპოზიციურ პარტიასთან აფილირებული აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი განთავისუფლება სრულად იყო პოლიტიკური”, – ამბობს, ცესკოს ყოფილი თანამშრომელი ეკა ბაქრაძე.

ცესკოდან გათავისუფლებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გაშვება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა 2024 წლის 16 ნოემბერს მომხდარი ფაქტის გამო, როდესაც მას ცესკოს ოპოზიციის კვოტით დანიშნულმა წევრმა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ სახეში შავი სითხე შეასხა.

ამ დროს დავით კირთაძის მეუღლე სოფიო სიჭინავა ცესკოში ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. თუმცა მომხდარი ფაქტის შემდეგ მან თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რეორგანიზაციის შედეგად კი ეს დეპარტამენტი გაუქმდა, შესაბამისად, ამ სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული პირები ფუნქცია-მოვალეობების გარეშე დარჩნენ.

სწორედ ისინი არიან გათავისუფლებულთა შორის, რომლებიც ამბობენ, რომ უწყების ხელმძღვანელმა დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ არ უზრუნველყო მათი სხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადანაწილება, მიუხედავად მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა.

გვიჩნდება განცდა და ვაკეთებთ დასკვნას, რომ ეს არ არის საერთოდ ორგანიზაციის განვითარებისთვის განხორციელებული ნაბიჯი, ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ ეს საერთოდ ცესკოში მიღებული გადაწყვეტილებაც არ არის, ეს არის ცესკოს გარეთ მიღებული, რომელიც ცესკომ უბრალოდ შეასრულა, მიგვაჩნია, რომ ეს არის საჯარო მოხელეთა საერთო წმენდის ტალღის ნაწილი, რომელიც ახლა ყველა საჯარო დაწესებულებაში ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით“, – ამბობს, ცესკოს ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ პროსტოსერდოვი.

„ქართულმა ოცნებამ“ 13 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები, რომლებიც სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების მექანიზმს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მაგალითად, ორგანიზაცია  „სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია უწყებიდან კონკრეტული პირების სამსახურებიდან გათავისუფლების გამო გადაწყდა.

„ ჩვენ „ სამართლიანი არჩევნები“ მივიჩნევთ, რომ რეორგანიზაცია დაჩქარებულად, დაუსაბუთებლად წარიმართა, გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოკვლეულა არსებული სტრუქტურის პრობლემები, არ შეფასებულა ხარვეზები და რეალურად უცნობია, თუ რა იყო რეორგანიზაციის მიზეზები. ასევე რეორგანიზაციის ფორმალურ ხასიათს ადასტურებს, ის ფაქტიც, რომ ცვლილებები არ ემსახურებოდა ცესკოს რეალურ, არსობრივ და ფუნქციურ გარდაქმნას და მიმართული იყო კონკრეტულ პირთა სამსახურიდან გათავისუფლებისკენ“, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების” დირექტორი, ნინო დოლიძე.

ცესკო ამ მოსაზრებებს არ ეთანხმება. უწყების პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომელთა გათავისუფლება უწყების საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდა და მათი ღიად გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები მათი უსამსახუროდ დატოვების საბაბი არ გამხდარა.

„ის, რომ აღნიშნული თანამშრომლები გათავისუფლდნენ ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერისთვის, ამ შემთხვევაში მაშინ შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ცესკოს თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლები უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან. შესაბამისად, ეს განცხადება არ არის სამართლებრივად სწორი ისინი იყვნენ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, საარჩევნო კომისიამ თავისი საჭიროებებიდან გამომდინარე და ინსტიტუციის სამომავლო საქმიანობებიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება“,– ამბობს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.

ცესკოდან გათავისუფლებული თანამშრომლები აპირებენ სამართლებრივად იბრძოლონ საკუთარი უფლებების დასაცავად.

უკვე ყოფილი საჯარო მოხელის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით  „სამართლიანი არჩევნები“ საჩივარს თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღეში შეიტანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend