რუსეთზე გამავალი აზია-ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. ჩრდილოეთის დერეფნის, ალტერნატივად ახლა შუა დერეფანი განიხილება, რომელიც შავ ზღვაზე გადის. შუა დერეფანი ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს და შავი ზღვის გავლით ჩინეთსა და ევროპას აკავშირებს.
შუა დერეფნის შესახებ იმსჯელეს შავი ზღვის პლატფორმის კონფერენციაზე, რომელიც თბილისში 23 იანვარს გაიმართა. კონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო დროებით გადაიდო.
კონფერენციის ფარგლებში იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული პროექტები და საჭირო რეფორმები, რომლებიც გაამარტივებს ევროკავშირთან შავი ზღვის გავლით ვაჭრობასა და ურთიერთობებს.
„საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ჩვენ, შუა აზიის ქვეყნებთან ერთად, რეგიონში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად უნდა ვითამაშოთ ცენტრალური მედროშე ქვეყნის როლი, ვინაიდან საქართველოზე გადის დღეს ევროპულ სივრცესთან კომუნიკაცია,“ – ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე.
ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს. მისი თქმით საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის მაღალჩინოსნებზე არსებული დასავლური სანქციები შუა დერეფნის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
„დღეს როდესაც ასეთი გამოწვევა გვაქვს ევროკავშირთან მიმართებაში და ზოგადად მსოფლიო თანამეგობრობასთან მიმართებაში არ უნდა გავჩერდეთ, უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული. ზუსტად ის რაც ჩვენ გვაინტერესებს შავი ზღვის მეშვეობით კავშირები ევროპულ სივრცესთან ეს უნდა განვითარდეს და არ უნდა გაჩერდეს,“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე.
პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება იმ მდგომარეობაში არ არის, რომ შუა დერეფნის განვითარებას კოორდინაცია აქტიურად გაუწიოს.
რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მდგომარეობა თუ არ შეიცვალა ის ქართულ ბიზნესსა და საერთაშორისო ინვესტიციებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
„ის რაც დღეს ხდება და რა კრიზისშიც ქვეყანა შედის, თვითიზოლაციაში, უბრალოდ წარმოუდგენელია. შესაბამისად, სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში, გრძელვადიან თუ მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. საჭირო არის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს არის. შესაბამისად თუ გვინდა, რომ ვითარება გამოსწორდეს და საზოგადოება იმ კალაპოტში ჩადგეს, სადაც 30 წლის განმავლობაში ვაშენებდით გზას ევროპისკენ და დასავლეთისკენ, არსებითი ქმედითი ნაბიჯები უმნიშვნელოვანესია,” – ამბობს შოთა ბურჯანაძე.
გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე და მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ინტერესი საქართველოსა და რეგიონის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოთხოვნის გაზრდის ფონზე საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება გაჩნდა. კონფერენციაზე შეკრებილი მხარეების განცხადებით, აუცილებელია ეს დაბრკოლებები სასწრაფოდ მოგვარდეს, რომ საქართველო საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს.
„შუა დერეფნის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვის. ზრდაც ბოლო წლებში არის, მაგრამ არასაკმარისი ტემპით ზრდაა. ზრდის ტემპის შენელება შეიძლება იმას უკავშირდებოდეს, რომ თავიდან მოლოდინი გაცილებით უფრო აჟიოტაჟური იყო, მაგრამ პრაქტიკამ დაგვანახვა პრობლემები, რომლებსაც გადავაწყდით და დღის წესრიგში მათი მოგვარების საკითხი დააყენა. პრობლემები კი ისე ეფექტურად არ გადაიჭრა, როგორც შესაძლებელი იყო. ამ კორიდორში გვაქვს რამდენიმე პრობლემური მონაკვეთი. პირველი – კასპიის ზღვას დავასახელებდი, იქ არსებულ არასტაბილურ კლიმატურ პირობებს, რაც საბორნე გადაზიდვის ეფექტურობას და სისწრაფეს ართულებს. ასევე უნდა აღვნიშნოთ, საქართველოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მზაობა იმ რაოდენობის ტვირთების გასატარებლად, რომელზეც ჯერ მოლოდინი გვაქვს. არსებულ ტვირთებს ვუმკლავდებით, მაგრამ თუ ზრდის ის ტემპები იქნება, რომელიც გვინდა რომ იყოს, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით მზად არ ვართ“, – ამბობს გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ნემსაძე.
PM ტერმინალს ფოთის კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დაბრკოლებების და გამოწვევების მიუხედავად ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ზრდის ტემპი კვლავ ნარჩუნდება და მათი მიზანია ეს ზრდა შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს.
„წლიდან წლამდე შუა დერეფანი ვითარდება. გამოწვევა გვაქვს, რომ კონკურენტუნარიანი გავხდეთ არა დროებით, არამედ მომავალშიც, როცა ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას მივაღწევთ რეგიონში. ჩვენ ეს ტვირთები და ეს პარტნიორები უნდა შევინარჩუნოთ, რომ ეს დერეფანი გახდეს მუდმივად მზარდი. შეიძლება არ იყოს ყოველთვის 65% ზრდა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მზარდი დერეფანი,“ – ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
ზვიად ჩხარტიშვილის თქმით საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ინერციის მეშვეობით ფოთის პორტში ტვირთბრუნვის ტემპი კვლავ წინ მიიწევს. თუმცა მისი თქმით არ იცის რა იქნება მომავალში.
„ყველას გვინდა, რომ სტაბილურობა იყოს და არ მგონია სანქცია, რომელიმე მოთამაშისთვის, ევროპული თუ ქართული მოთამაშისთვის კარგი იყოს”, – ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
ეკონომიკური განვითარების გარდა შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, რადგან სწორედ ევროკავშირის, რეგიონის ქვეყნების და ჩინეთის ინტერესია, რომ დერეფნის გზა იყოს განვითარებული და დაცული.
თორნიკე კოპლატაძე