ბავშვების სექსუალური შევიწროება სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. თუმცა მასთან ბრძოლაც გართულდა, რადგან ამ კრიმინალურ ქმედებას ინტერნეტსივრცეში სჩადიან. ევროკავშირში შესაბამისი რეგულაციის შესწორება მიმდინარეობს, რათა კრიმინალად შეფასდეს ბავშვის სექსუალური შევიწროების ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს ინტერნეტსივრცეში თუ რეალურ ცხოვრებაში.
არსებული სტატისტიკით, ხუთიდან ერთი ბავშვი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ სივრცეში. ამ დანაშაულთან, განსაკუთრებით ონლაინ სივრცეში ჩადენილ დანაშაულთან, ბრძოლის მიზნით, ევროკავშირი სახელმძღვანელო წესების ორ პაკეტს ამზადებს.
პირველი პაკეტის, სახელწოდებით „ბავშვთა სექსუალური შევიწროების დირექტივის“ მიხედვით, ონლაინ სივრცეში ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს შემდეგი ქმედებები: სექსუალური შევიწროების პირდაპირი ტრანსლაცია და პედოფილური მასალების გაზიარება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი გამოსახულების.
მეორე კრებული, სახელწოდებით „ბავშვის სექსუალური შევიწროების მასალის რეგულაცია“, ვალდებულებებს უწესებს ონლაინ მომსახურების მქონე კომპანიებს, განსაკუთრებით სასაუბრო და მიმოწერის სერვისის მქონე პლატფორმებს, რომლებზეც ყველაზე ხშირად ხდება თავდასხმა.
2024 წლის ბოლოს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და ინტერნეტსივრცეში ბავშვის სექსუალურ შევიწროებას კრიმინალის სტატუსი მიანიჭეს. თუმცა ვერ შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს ინტერნეტსივრცეში გამოსახულების გაზიარება, რადგან არსებობს პერსონალური მონაცემების ხელყოფის საფრთხე.
„ეს რეგულაცია დაავალდებულებს სოციალურ მედიასა და მიმოწერის პლატფორმებს, რომ იპოვონ და წაშალონ ნებისმიერ მასალა, რომელიც უკავშირდება ბავშვის სექსუალურ შევიწროებას“m – განმარტავს ევრონიუსის კორესპონდენტი რომან არმანგო, რომელიც ამ საკითხებს აშუქებს. „უნდა შექმნან ასეთი მასალის აღმოჩენის სისტემა და შემდეგ ევროკავშირის ცენტრს მიაწოდონ ნებისმიერი მასალა, რაც კი ეხება ბავშვის მიმართ სექსუალურ შევიწროვებას. ეს გულისხმობს მიმოწერის სკანირებას და კოდის მოხსნას, რაც აქამდე ყველაზე პირადულად ითვლებოდა.“
ინტერნეტში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლასა და ინტერნეტის მომხმარებლების უფლებების დაცვას შორის ბალანსის დაჭერა რთული გამოდგა.
რა არის კოდი – დაბრკოლება თუ დამცავი კედელი?
ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა WhatsAp და Signal-ი მარეგულირებელი ორგანოს დაშვების საკითხი საკამათო გახდა.
მარეგულირებელი შექმნის ევროკავშირის ცენტრს, რომელიც გაუწვეს კოორდინაციას ამ საკითხს და მისი უპრიველესი ფუნქცია სწორედ ამ რეგულაციის შესაფერისად აღსრულება იქნება. თუმცა ეს ცენტრი პასუხისმგებელი იქნება იმაზეც, რომ ნამდვილად მოხდეს საეჭვო ინფორმაციის წაშლა. და თუკი აღმოჩნდება, რომ პლატფორმამ არ წაშალა რაც წასაშლელი იყო, ცენტრს ექნება გამოძიების ჩატარების უფლებაც და კომპანიის გლობალური შემოსავლების 6%-ით დაჯარიმების უფლებაც. მაგრამ ამ ევროკავშირის ცენტრმა უნდა შექმნას ონლაინ სივრცეში ბავშვის სექსუალური შევიწროების უკეთ აღმოჩენის ახალი საშუალებაც ახალი ტექნოლოგიების დახმარებით.
2025 წელს მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ევროკავშირის სამ ინსტიტუტს შორის. ესენია: ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროპული საბჭო. მოსაძებნია გამოსავალი: ევროპული და ეროვნული საგამოძიებო სტრუქტურები ელოდებიან ამ დანაშაულთან ბრძოლის ინსტრუმენტებს. დღესდღეობით პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესიდან დაშვებულია გამონაკლისი, რომელიც საშუალებას აძლევს ონლაინ პროვაიდერებს, რომ ბავშვის სექსუალური შევიწროვების შემცველი მასალა საკუთარი ნებით იპოვონ, გაასაჩივრონ და წაშალონ. მაგრამ გამონაკლისის ვადა 2026 წლის აპრილში იწურება. ასე რომ მანამდე ახალი წესებია მოსაძებნი.
“უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მიმოწერის ორი მესამედი, რომელიც ბავშვის სექსუალური შევიწროების შინაარს შეიცავს, პირადი მიმოწერის საშუალებით ვრცელდება. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სივრცეა, სადაც დანაშაული ხდება და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვები ასეთ გარემოში მივატოვოთ,” – ამბობს იზალინ უიტორსკი,ორგანიზაცია ACPAT International-ის (ბავშვების სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ადვოკატი ორგანიზაცია) წარმომადგენელი.
მეორე მხრივ, პერსონალური ინფორმაციის დამცველები ამტკიცებენ, რომ ასეთმა მიდგომამა შესაძლოა ხელი შეუწყოს ერთი მხრივ მთავრობას, რომ მასობრივი თვალთვალი განახორციელოს და მეორე მხრივ ჰაკერებს.
„ექსპერტები და კოდირების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ უკანა კარის გაღება ცუდი აზრია, რადგან საბოლოო ჯამში მას ბოროტმოქმედებიც გამოიყენებენ,“ – განმარტავს დევიდ ფროტჩი, Internet Society-ის (ასოციაცია, რომელიც ინტერნეტის განვითარებას და გამოყენებას უწყობს ხელს) წარმომადგენელი.
„თუკი ამ ტექნოლოგიას გატეხ, საფრთხეში ჩააგდებ ადამიანთა შორის კომუნიკაციას, და არა მხოლოდ კომუნიკაციას, არამედ ბანკთან უსაფრთხო კავშირსაც, ასევე მონაცემთა შემნახავ ფაილებს, რომლებიც კოდით არის დაცული, რადგან კომპანიებს უსაფრთხოება სჭირდებათ.“
ბავშვთა სექსუალური შევიწროების ამსახველ მასალაში მსხვერპლის ასაკი 98 პროცენტის შემთხვევაში 13 წელს ქვევითაა. ეს ნამდვილად შემზარავია, მაგრამ ევროკავშირმა უნდა იპოვოს ბალანსი საჭირო ქმედებასა და პირადი სივრცის ხელყოფას შორის.
დრო კი მიდის და ევროკავშირმა უნდა იჩქაროს, თუ სურს ამ ბრძოლაში დაწინაურდეს.
ავტორი: იზაბელ მარკეს და სილვა