მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილმა ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა

სალომე ზურაბიშვილმა ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტისას ატლანტიკურ საბჭოსთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში საკუთარი მიზნის მიღწევასთან ახლოსაა. ისაუბრა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ მთავრობის არაღიარების აუცილებლობაზეც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია ამერიკული ხელისუფლება, რომელიც მეგობრად მიიღებს ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც არ გააჩნია დამოუკიდებელი ინსტიტუციები და კონსტიტუციისადმი პატივისცემა. მისი თქმით, მთავრობის არაღიარებასთან ერთად პარტნიორებისგან საჭიროა მეტად მკაფიო პოზიციაც, განსაკუთრებით ევროკომისიის მხრიდან.

„ვფიქრობ, რუსეთი საქართველოში საკუთარი მიზნის მიღწევასთან ახლოსაა. გვყავს მის მიმართ ერთგული მთავრობა, რომელიც რუსეთს შეუძლია მართოს; მთავრობა, რომელიც მოქმედებს და საუბრობს ისე, როგორც ამას აკეთებენ რუსები და ისე ეპყრობა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, როგორც პუტინი. მთავრობას არ აქვს არანაირი მისწრაფება, ან მცდელობა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ეს კი რუსეთს არაფერი უჯდება. ეს მათთვის საკმაოდ კომფორტულია.

მთავრობის არაღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, აშშ ვერ მიიღებს მეგობრად და პარტნიორად ისეთ სახელმწიფოს, რომელსაც აღარ აქვს არცერთი ის ინსტიტუცია, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს, არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუცია, არანაირი პატივისცემა კონსტიტუციისადმი, გაყალბებული არჩევნები… ვერ წარმომიდგენია ამერიკული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ქვეყანას მეგობრად მიიღებს. ქვეყანას, რომელიც მეგობრად თამაშობს ზოგჯერ ჩინეთთან, ზოგჯერ ირანთან, ზოგჯერ ტერორისტულ ორგანიზაციებთან და არ გააჩნია პრინციპები.

ევროკავშირი მხარს პასიურად, მთავრობის არაღიარებით გვიჭერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადყოფს, რომ რეჟიმი ვერ გააგრძელებს საქმის ჩვეულებრივ კეთებას. სწორედ ამას გეგმავდნენ ევროპელებთან მიმართებაში, ისევე როგორც აქ, ტრამპის ადმინისტრაციასთან ხელახლა ადაპტაციის ფორმით. არცერთ შემთხვევაში ეს მიდგომა არ მუშაობს და არ იმუშავებს. მხარდაჭერისთვის ეს საკმარისი არ არის – ამას ვეუბნები ევროპელებს. მეტი გვჭირდება, მეტად აქტიური დახმარება იმ ადამიანების, რომელთაც იჭერენ და ზოგჯერ აწამებენ კიდეც. გვჭირდება მეტად აქტიური რეაგირება იმ მრავალმხრივი რეპრესიებისადმი, რომლებსაც რეჟიმი პროტესტის ჩასახშობად მიმართავს. ეს მცდელობები წარუმატებელია, მაგრამ ყოველდღე ახალ ფორმებს იგონებენ. ასე რომ, ვფიქრობ, გვჭირდება მეტად მკაფიო პოზიცია, განსაკუთრებით ევროკომისიის მხრიდან“, – განაცხადა ატლანტიკურ საბჭოსთან საუბარში სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend