ვირუსების სეზონი კარგა ხანია დადგა. ყოველთვის ასე ხდება, ზამთრის დადგომასთან ერთად.
სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში ვირუსულმა ინფექციებმა მკვეთრად იმატა. მათი თქმით, ამჟამად ათზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსია გავრცელებული, და მათ შორის ყველაზე ხშირი – გრიპია. გრიპის ვირუსის შემთხვევების მკვეთრი მატება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო და იანვარშიც გრძელდება.
როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, ჩვენში გავრცელებულ ვირუსებს შორის ყველაზე საყურადღებო სწორედ გრიპის ვირუსია, რადგან გართულებებით მიმდინარეობა ყველა სხვა ვირუსზე მეტად, მას ახასიათებს.
„იანვრის თვეში ვირუსული ინფექციების ცირკულირება გარკვეულწილად ემორჩილება სეზონურ მატებას. როდესაც ვლაპარაკობთ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონზე, მხედველობაში გვაქვს ამ ტიპის დაავადებების შემთხვევების მატება ნოემბრიდან აპრილამდე პერიოდში. სეზონური მატების ფარგლებში ასევე საყურადღებო და მნიშვნელოვანია, როდის ველოდებით შემთხვევების მატების პიკს. ეს შემთხვევები, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება გრიპს, რომელიც დღეს ცირკულირებად ვირუსებს შორის ყველაზე მძიმე მიმდინარეობის ვირუსია. მას უფრო მეტად შეუძლია საავადმყოფოში მოხვედრის, მდგომარეობის დამძიმების განპირობება“, – ამბობს ივანე ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ გრიპის პრევენციისთვის ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა, თუმცა საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისად პოპულარული ვერ გახდა. 2024 წელს გრიპის სეზონის დაწყებამდე ვაქცინაცია, უპირველეს ყოვლისა, რისკ ჯგუფებს ჩაუტარდათ – ბავშვებს, ფეხმძიმეებს, ასაკოვან ხალხს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. თუმცა, უკვე 4 ნოემბრიდან, ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში აცრა ნებისმიერი მოქალაქისთვის სრულიად უფასო იყო.
„გრიპი არ გახლავთ მხოლოდ ხანშიშესულებისა და ხუთ წლამდე ბავშვების დაავადება. ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეხვდეს. ასე რომ, შემოდგომის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გახდეს ჩვენი პრევენციული, პროფილაქტიკური ღონისძიებების აუცილებელი ნაწილი, რაც სამწუხაროდ ჯერ ასე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად იქნება უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა“, – ივანე ჩხაიძე.
ფსიქოლოგი ანა მეუნარგია მიიჩნევს, რომ საზოგადოების დაბალი მოთხოვნა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზე უმეტესწილად ინფორმაციის ნაკლებობასა და ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებულ ეჭვებს უკავშირდება.
„სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით საქართველოში კვლევები არ გვაქვს. თუმცა, ამერიკის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების გამოცდილებით შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი რამ, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ ხოლმე აცრისგან. მათ შორისაა რელიგიური და ფილოსოფიური მოსაზრებები, რაც ჩვენი კულტურისთვის ალბათ ნაკლებად დამახასიათებელია. ჩვენთან უფრო ინფორმაციის ნაკლებობა, კონსპირაციული თეორიები და უსაფრთხოებაში დაურწმუნებლობა იჩენს თავს. არ ვართ ხოლმე დარწმუნებული, რამდენად შედეგიანი იქნება ესა თუ ის აცრა და რამდენად დაგვეხმარება იგი ჩვენი პრობლემის მოგვარებაში“, – ანა მეუნარგია.
თბილისის ქუჩებში კი მოქალაქეები ასე პასუხობენ კითხვებს იმის თაობაზე, არიან თუ არა აცრილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით და მიმართავენ თუ არა ექიმს ვირუსის ნიშნების გამოვლენისას.
„ახლა აცრილი არ ვარ. გაციების შემთხვევაში გააჩნია, რა ნიშნებს ავლენს ეს გაციება. თუ არის სიცხე, ხველება, რა თქმა უნდა, ექიმს უნდა მიმართო. ამას ბევრი ფილოსოფია არ უნდა. მაგრამ, თუ ოდნავ გაციებაა, იქ ცხელი ჩაი ლიმონით და ა.შ.“
„ვაქცინით აცრილი არ ვარ. არც ოჯახის წევრები აგვიცრია. ვირუსის შემთხვევაში პირბადეს და იზოლაციას ვიყენებთ.“
„აცრილი არ ვარ და გრიპის შემთხვევაში ჩემით, ხალხური მეთოდებით ვმკურნალობ. თუ გაუარესდა მდგომარეობა, ექიმს მივმართავ.“
„აცრილი ვარ. გაციებისას ჩემით ვმკურნალობ. მაინც და მაინც არ მირთულდება ხოლმე.“
„როგორც ყველა, მეც ჩაის ვსვამ, ვცდილობ რომ თბილად ვიყო, ბევრ სითხეს ვიღებ. სულ ეგ არის. აცრილი არ ვარ. არც ვიცოდი, საერთოდ თუ უნდა ავცრილიყავი ამ ბოლო პერიოდში. ბავშვობის შემდეგ, ალბათ, არც ავცრილვარ.“
„არ ავცრილვარ. მამაპაპური ნიორი, სპირტი… და გრიპი არ მაქვს.“