21 იანვარს ლას-ვეგასში, ფედერალური სასამართლოს წინ, დემონსტრაცია გაიმართა. მომიტინგეებმა გააპროტესტეს დონალდ ტრამპის მიერ მიღებული ბრძანებები, რომლებიც ემიგრანტთა უფლებებს ზღუდავს.
„ადამიანებს შეუძლიათ ტრამპის პირველ ოთხ წელს ისე შეხედონ, როგორც გავარჯიშებას. თუმცა ახლა, როცა მან იცის, როგორ მუშაობს სისტემა და დამატებით კიდევ ოთხი წელი აქვს, ის უფრო მზადაა, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ღიად გვაჩვენოს“, – ამბობს ჰერნან ალვარეს-სანჩესი, ლას-ვეგასის მცხოვრები.
თანამდებობის დაკავების შემდეგ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკის დასრულება იყო. კერძოდ, მან მიიღო ბრძანება, რომლითაც შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები ამერიკის მოქალაქეები ავტომატურად აღარ გახდებიან.
ტრამპმა, აგრეთვე, გააუქმა პრეზიდენტ ბაიდენის რამდენიმე საიმიგრაციო ბრძანება, რომლებიც ადამიანთა დეპორტაციის პროცესს ართულებდა, ან შეუძლებელს ხდიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან ყველა უკანონო ემიგრანტს შეეხება დეპორტაცია.
„მე მყავს რამდენიმე მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებიც ემიგრანტები არიან. ვიცი, რომ ისინი ბევრს მუშაობენ, რათა შემოიყვანონ სხვადასხვა ორგანიზაცია ემიგრანტების ხმის გასაძლიერებლად და ცნობიერების ასამაღლებლად. თქვენ იცით, რა ხდება კონგრესში და რა ხდება საზოგადოებაში იმ კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც ემიგრანტების დემონიზებას ისახავს მიზნად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტების ხმა ისმოდეს და სწორედ ამისთვის ვარ აქ“, – ამბობს ჰერნან ალვარეს-სანჩესი.
დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის აპირებს აშშ-ის ჯარის გაგზავნას, რათა დაეხმაროს სასაზღვრო პოლიციას ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან გამკლავებაში.