მთავარისაქართველოპროევროპული პროტესტის 54-ე დღე საქართველოში

პროევროპული პროტესტის 54-ე დღე საქართველოში

საქართველოში პროევროპული დემონსტრაციები 54-ე დღეა, გრძელდება. მოქალაქეთა პროტესტის მიზეზი 2024 წლის 28 ნოემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.

თავდაპირველად, მოქალაქეები დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მარშებით საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ. ლიტერატორებმა, მწერლებმა, კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმთან შეკრებისას სოლიდარობა გამოუცხადეს პროევროპული აქციებისას დაკავებულ პირებს, მათ შორის გამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც დემონსტრაციების დაშლისას მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებაში მხილებული არც ერთი სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში, ჟურნალისტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ ავტორიტარიზმისა და პოლიტიკური დევნის მანიშნებელია. კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი სურათი აქამდე მხოლოდ რუსეთში, ბელარუსსა და აზერბაიჯანში ჰქონდათ ნანახი, სადაც ავტორიტარული მმართველობაა დამყარებული.

.

„ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმთან” შეკრებილებმა მოგვიანებით რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ქართულ-ამერიკული მეგობრობის აქცია იმართებოდა. დემონსტრაციაზე სახელწოდებით „თავისუფლება გვაერთიანებს, მეგობრობა გვაძლიერებს“ მოქალაქეები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშებით, ასევე სხვადასხვა საპროტესტო ბანერით მივიდნენ. შეკრებილთა შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიზანია, საქართველო დააშოროს ცივილიზებულ სამყაროს, რის მაგალითადაც თბილისსა და ვაშინგტონს შორის 2024 წლის 30 ნოემბერს გაწყვეტილ სტრატეგიულ პარტნიორობას ასახელებენ. მათი თქმით, დასავლელი მოკავშირეების გარეშე საქართველო საერთაშორისო იზოლაციის საფრთხისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგება, მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის 20%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებული.

.

ქართულ-ამერიკული მეგობრობის მარშის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ მსვლელობა სიმბოლურად 20 იანვარს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს მოაწყვეს. მოგვიანებით მათ რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და პროტესტის 54-ე დღეს რუსთაველის გამზირზე კვლავ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.

პროევროპული დემონსტრაციების 54-ე დღესაც, მოქალაქეთა მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში და გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც აქციებისას დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend