ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ გასული 4 წელიწადი საკმაოდ რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის ისევე, როგორც მთლიანად, მთელი მსოფლიოსთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიფ სთეითის“ დამარცხების ძალიან ამბიციური გეგმა აქვს გაცხადებული.
„ეს არის გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა „დიფ სთეითან“ პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში კონკრეტულად და ასევე, ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ვრცელდებოდა გასული 4 წლის მანძილზე.
ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან. იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები გვექნება. ამ კუთხითაც 2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.