მთავარიმსოფლიოკავკასიასამხედრო ძალთა ბალანსი ამიერკავკასიაში

სამხედრო ძალთა ბალანსი ამიერკავკასიაში

თანამედროვე მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ღიად ავტორიტარულმა რეჟიმებმა დემოკრატიულ სამყაროს ომი გამოუცხადეს. ირანი, ჩრდილოეთი კორეა რუსეთის მხარდამხარ იბრძვიან უკრაინაში. ამას ემატება კრემლისადმი ჩინეთის მხარდაჭერაც. ვითარება შეიცვალა ამიერკავკასიაშიც. სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა მთიან ყარაბაღზე და განიმტკიცა პოზიციები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდი საფრთხე კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესებია. აქვე ნახსენებია რუსეთის ომი უკრაინაშიც და აღნიშნულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოქმედ საოკუპაციო ბაზებზე მყოფი სამხედროებიც არიან ჩართულნი. ამ მოცემულობის საფუძველზეც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხედრო საფრთხე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შორის  ერთ-ერთი სერიოზული საკითხია. სამხედრო კომპონენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და იმისათვის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალების გაძლიერებაა აუცილებელი.

გადავხედოთ სამხედრო დაფინანსების მაჩვენებლებს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითებზე, რომლებიც განთავსებულია  სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის ვებსაიტზე.

2014 წელს, მაგალითად, აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯი მნიშვნელოვნად აღემატებოდა საქართველოსა და სომხეთის მონაცემებს. 2016 წლამდე აზერბაიჯანის არმიის დაფინანსება მცირდება და ჩამოდის მილიარდ-ნახევარ აშშ დოლარამდე. თუმცა შემდეგ კი კვლავ იზრდება. სომხეთის არმიის დაფინანსება მერყეობს 460 მილიონ დოლარსა და 430 მილიონ დოლარს შორის 2014 – 2016 წლამდე პერიოდში. შემდეგ მსგავსად აზერბაიჯანისა, სომხეთი ზრდის დაფინანსებას, რომელმაც 2023 წლისთვის მილიარდ 330 მილიონ დოლარს მიაღწია.

ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია წერს, რომ 2022 წლამდე თავდაცვის დაფინანსება მხოლოდ მცირედით მატულობს. 2014 წლიდან ყველაზე მეტი თანხა – ნახევარი მილიონი დოლარი 2023 წელს გამოიყო. ეს იმ დროს, როდესაც ამავე წელს სომხეთი მილიარდ დოლარზე მეტს, აზერბაიჯანი კი სამმილიარდ-ნახევარზე მეტს ხარჯავს. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს თავდაცვის დაფინანსება შეადგენდა მილიარდ 380 მილიონ ლარს, რაც ნახევარ მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია. რაც შეეხება თავდაცვის ხარჯებს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საქართველო არათუ ზრდის, არამედ კლების ტენდენცია აქვს. მცირედით მხოლოდ 2023 წელს იმატებს. თუმცა ამავე პერიოდში, 2023 წელს, სომხეთის მაჩვენებელი  5.5%-ია, აზერბაიჯანისა კი – 4.6%.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღნიშნავენ, რომ ქვეყნებმა სულ მცირე 2% უნდა დახარჯონ თავდაცვაზე. ტრამპმა კი მოუწოდა ევროპას, თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 5 %-მდე გაზარდოს. გავიხსენოთ რუტეს სიტყვები, როდესაც მან ევროპარლამენტარებს მიმართა: „თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსის გავლა, ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ“.

ამავე თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „ალტე უნივერსიტეტის” პროფესორმა, თადარიგის პოლკოვნიკმა ლევან სიხარულიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend