ერგნეთიდან ცხინვალი ხელისგულივით მოჩანს.
ადგილობრივი მცხოვრები, კადრს მიღმა გვიყვება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ცხინვალიდან სროლის ხმა აღარ სმენიათ. ბოლო დროს სროლის ხმა ისევ ისმის.
„ბოლო თვეების განმავლობაში ისმოდა აფეთქება და სროლის ხმა შიგა და შიგ, წინა წლებში აღარც ვამახვილებდით ყურადღებას, ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ისროდნენ თუ არ ისროდნენ, იმდენად ხშირად იყო, რომ ვარჯიშობდნენ. შეჩვეულები ვიყავით – ხალხი ისე მუშაობდა ბაღებში, სულ ისროდნენ”, – ამბობს ერგნეთის მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
კონფლიქტის ზონაში ვეფხია კასრაძის ოჯახს ვესტუმრეთ. ცხინვალის თეატრის 53 წლის მსახიობი ერგნეთში დაიბადა და გაიზარდა. დაქორწინების შემდეგ აქ ოჯახური მეურნეობა გააშენა და დე-ფაქტო საზღვრის პირას ფერმერობას მიჰყო ხელი. ყოველ შაბათ-კვირასა და არდადეგებს ერგნეთში ატარებენ მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი.
ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით დააკავეს. პარტია „ლელოს“ წევრი 2024 წლის არჩევნებზე შიდა ქართლში კოორდინატორის მოვალეობას ასრულებდა. კასრაძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
„იარაღს რა უნდა ჩემს სახლში? ჩემი ქმარი არის განთქმული თამადა, მთელ სოფელში… რისგან რას აკეთებენ და რას თხზავენ, არ ვიცი, ბუნებაში რაც არ არსებობს. ორგანიზება ჯგუფური ძალადობის რომ თქვეს, ჯერ ვერ მივხვდი საერთოდ, რას გულისხმობდნენ, რაღაც დამამშვიდებლები მქონდა დალეული. იქ სხვებიც ისხდნენ და ვიფიქრე, სხვას ეხებოდა… ეს 7 ბიჭი დაუსვეს, არც ისინი იცნობდნენ ჩემს მეუღლეს, არც ჩემი მეუღლე იცნობდა. სამაგიეროდ ახლა იზოლატორში თავისი ე.წ. ბანდის – ჯგუფის წევრები გაიცნო, ძალიან კარგი ახალგაზრდები. რომ დამირეკა ამასწინათ, მიყვებოდა: ისეთი კარგი ახალგაზრდები არიან, გულანთებულებიო. მე ახლა აქ ამათ ვპატრონობ, ვეფხო ძია – ვეფხო ძიას მეძახიანო”, – გვიყვება ელენე, ვეფხია კასრაძის მეუღლე.
ელენე კროტენკო-კასრაძე წარმოშობით უკრაინელია. ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. სოფელში სტუმრად ჩასულებს, ცხელი იმერული ხაჭაპურით გვიმასპინძლდება, პარალელურად კი მისი მეუღლის მსგავსად დაკავებული სხვა დემონსტრანტების სასამართლო პროცესებს ადევნებს თვალს.
მეუღლის დაკავების შემდეგ ელენეს სახლი პოლიციამ გაჩხრიკა და მისი კუთვნილი ყველა ელექტრონული მოწყობილობა წაიღო.
„უნივერსიტეტის ლექტორი ვარ, თან სახლში კერძოდ ვმუშაობ, მოსწავლეები მყავს. იმ დროს შემოვარდნენ, როცა გაკვეთილს ვატარებდი მობილური ტელეფონით და ლეპტოპში ეროვნული გამოცდების ტესტები მქონდა გახსნილი, აბიტურიენტი მყავდა. გამომგლიჯეს ტელეფონი ხელიდან, მეთქი მოსწავლე მყავს, ბოდიშს მაინც მოვუხდი, არ შეეშინდეს… არა, არაო, – სტაცეს ხელი, ლეპტოპი უცებ ისე ჩახურეს, ვერ მივეკარე საერთოდ”, – ამბობს ელენე კროტენკო-კასრაძე.
14 წლის წინ, როდესაც ელენე და ვეფხია დაქორწინდნენ, ერგნეთში 2008 წლის ომის დროს დამწვარი სახლები ჯერ კიდევ იდგა.
„მომიყვანა აქ სოფელში გასაცნობად. დედა ჰყავდა მაშინ აქ და მამიდაშვილი. ეს დამწვარი სახლები რომ ვნახე… ომის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობოდა… მაგრამ ძალიან ოპტიმისტი ხალხი ცხოვრობს აქ, ძალიან შეყვარებულები არიან აქაურობაზე, თავისი ბაღები უყვართ, შრომა უყვართ – შეჩვეულები არიან შრომას”.
1992-93 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებების მონაწილე ვეფხია კასრაძე ომის ვეტერანია. საბრძოლო მოქმედებებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც მონაწილეობდა.
„ჩვენ რომ ვისროდით, ვის ვესროდითო? ასეთ დროს იცი, რომ ესვრი შენს დეიდაშვილსა და ბიძაშვილს… ძალიან რთული მდგომარეობა იყო… ზოგჯერ იწყებდა მოყოლას და მერე გაჩერდებოდა – დაღი დაასვა ამ ყველაფერმა. რამდენი მეგობარი დაკარგა – აქ სოფელში რჩებოდნენ (კაცები), მარხავდნენ ეზოებში დაღუპულ ხალხს, რაღაც საშინელება ხდებოდა… სახურავი შევცვალეთ, სულ დახვრეტილი იყო, ნატყვიარები… გარშემო სახლები ყველა დაიწვა, ჩვენი და გვერდით სახლი გადარჩა, სულ სამი სახლი. გაიტანეს სახლიდან ყველაფერი, სულ გაძარცვული იყო. ბევრი ახალგაზრდა მაშინ გავიდა სოფლიდან, უფრო ასაკოვანი ხალხი დარჩა”, – ჰყვება ელენე.
ელენეს და და მისი ოჯახი უკრაინაში, კიევში ცხოვრობენ, პროფესიით ონკოქირურგმა კიევში უმძიმესი დღეები გაატარა.
„არცერთი დღით არ დაუტოვებია ქალაქი. სარდაფებში მოაწყვეს საოპერაციო და იქ მუშაობდნენ. საგანგებო მდგომარეობაში არიან მუდმივად, ახლა რომ აფეთქება იყო, სექტემბერში ჩემი და მაგ შენობაში იმყოფებოდა და პედიატრიული განყოფილებაც ჩაიტანა. პატარა ჩვილი ბავშვები ამოჰყავდათ, მკვდრები.. 31-ში 111 რაკეტა ისროლეს ღამით და ორი ორსული ქალი დაიღუპა კიევში. ძალიან ბევრი ექიმი წავიდა საზღვარგარეთ, ევროპაში, მაგრამ ჩემმა დამ თქვა: ამ გაჭირვებული ხალხის მიტოვება ახლა ღალატიაო”.
დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად ვეფხია კასრაძემ შიმშილობა გამოაცხადა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოჯახისა და მეგობრების თხოვნით შეწყვიტა.
„ბავშვების ნახვა უნდოდა თავიდან.. ალბათ, იმედი ჰქონდა, სანახავად რომ მივედით პირველად, ოთახში შეგვიყვანდნენ და ბავშვებს მიეფერებოდა. შუშაში რომ დაინახა (შუშა), ვითომ არ შეიმჩნია თავიდან, მაგრამ ბოლოს უკვე მე შევატყვე, რომ გაღიზიანდა. ამ უსამართლობას მე ვეღარ ავიტან, მორჩა, ვიშიმშილებო. მე ვუთხარი: არა ვეფხო, არ შეიძლება! პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობის, მკურნალობდა… შეწყვეტილი აქვს ახლა, ამ ეტაპზე. სიტყვის კაცია ზოგადად, მაგრამ იმედი მქონდა მაინც, რომ არ იზამდა. ტელევიზიიდან გავიგე, რომ დაიწყო შიმშილობა. ბოლოსკენ რომ მელაპარაკებოდა, ძალიან დასუსტებული ხმა ჰქონდა და ძალიან ვთხოვე, რომ შეეწყვიტა”, – ამბობს ელენე კროტენკო-კასრაძე.
აქ, ოკუპირებული ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში, ბრალდებულის გათავისუფლებას მისი ოჯახი მოუთმენლად ელის.
საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის სხვა საქმეების მსგავსად ვეფხია კასრაძის საქმის განხილვაც მარტის დასაწყისშია ჩანიშნული.