მთავარისაქართველო„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ - ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ჟურნალისტების პროტესტი გრძელდება

„სოლიდარობა მზია ამაღლობელს“ – ამ გზავნილით მედიის მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ამჯერად საზოგადოებრივ მაუწყებელთან. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მხარდასაჭერად მისული კოლეგები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვდნენ. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მათ არხის ხელმძღვანელი პირებისგან პასუხი არ მიუღიათ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელი მათ ეთერს 17 იანვარს დაუთმობს.

სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და იქ მყოფი მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უთმობს საკმარის დროს მზიას საქმის გაშუქებას და არ ამზადებს სრულფასოვან მასალებს მის შესახებ. ამ აქციაზე იყვნენ არხის ის მოქმედი თანამშრომლები, რომლებიც იზიარებენ საპროტესტო აქციაზე მყოფი კოლეგების პოზიციას მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შესახებ.

„სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანია.

პირველი არხის შენობასთან შეკრებილმა ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა ბევრი ისაუბრეს მზია ამაღლობელის დაარსებული გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“, მნიშვნელობაზე. ამ გამოცემების მომზადებულ მასალებზე იმ სამაგალითო პროფესიულ სტანდარტებზე, რომლებსაც 20 წელზე მეტია იცავენ მზია და მისი თანამშრომლები.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებსაც არცერთი წუთით არ უღალატიათ საკუთარი პროფესიისთვის და ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტი არის მზია ამაღლობელი“, – განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ქადაგიშვილმა.

„დგებუაძე აფურთხებს და აგინებს ადამიანს, რომელმაც შექმნა ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. მინდა მას ვუთხრა, რომ ის ალიყური მისთვის იქნება ბედნიერი მოგონება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი სიმართლეს ხედავს“, – თქვა ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტმა ბასტი მგალობლიშვილმა.

კოლეგები მიიჩნევენ, რომ ის წინასწარ პატიმრობაში მოსამართლემ უკანონოდ დატოვა ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე. ამავე პოზიციას იზიარებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ორგანიზაცია, რომელიც დაკავების მომენტიდან იცავს მის უფლებებს.

მზია 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს ჯერ ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო ბანერის გაკვრისთვის, მალევე გათავისუფლების შემდეგ კი, სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ხალხმრავლობაში ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანს, ირაკლი დგებუაძეს, მზია ამაღლობელის მოქნეული ხელი ხვდება სახეში. მუხლი, რომლითაც მზიაა დაკავებული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

16 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ჟურნალისტის მონახულების შემდეგ საგანგებო განცხადება გააკეთა. ნონა ქურდოვანიძემ თქვა, რომ მზიას მონაყოლის თანახმად, დაკავების შემდეგ განყოფილებაში ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსანმა დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებას. მზიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს.

საია ითხოვს, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს. თუმცა ამ მოთხოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ პოზიცია არ გამოუხატავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend