ღაზის სექტორის მცხოვრებლებმა აშშ-ისა და კატარის ოფიციალური პირების მიერ ისრაელსა და „ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადასტურება იზეიმეს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს და ასობით ტყვეობაში მყოფის გათავისუფლებას გულისხმობს. 6-კვირიანი მშვიდობის ფანჯარა შესაძლებელს გახდის 15-თვიანი ომის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასაც.
„როგორც იქნა, შემიძლია ცეცხლის შეწყვეტა გამოვაცხადო. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა. 15 თვეზე მეტხნიანი კონფლიქტი 7 ოქტომბრის სასტიკი ხოცვა-ჟლეტით დაიწყო. 15 თვეზე მეტი ხანია ისრაელელი ხალხი და უდანაშაულო ადამიანები ღაზაში ტერორში ცხოვრობენ. ღაზაში ბრძოლა შეწყდება და მძევლები მალე თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან. შეთანხმება სამ ეტაპად არის დაყოფილი. პირველი ფაზა 6 კვირა გაგრძელდება და ღაზის დასახლებული ტერიტორიების ისრაელის ჯარებისგან სრულად დაცლას, ისევე როგორც „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილების გათავისუფლებას გულისხმობს, მათ შორის ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების”, – აცხადებს ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი.
ანალიტიკოსები მოელიან, რომ საბრძოლო მოქმედებებში თავდაპირველი 6-კვირიანი პაუზის შემდეგ ომის სრულად დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიც დაიწყება.
ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, მიიღოს შეთანხმების პირობები და მძევლები სახლში დააბრუნოს.
„ეს კრიტიკული საათებია. მრავალი ასეული დღეა, ჩვენს დებსა და ძმებს ტყვეობაში აწამებენ მკვლელი ტერორისტები. მას შემდეგ, რაც ისრაელის სახელმწიფომ ვერ შეასრულა საკუთარი მოვალეობა, ყველაზე ძირეული შეთანხმება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის და ვერ დაიცვა ისინი. მოვუწოდებ ისრაელის სახელმწიფოს, მიიღოს პირობები, დაამტკიცოს შეთანხმება და დააბრუნოს სახლში ჩვენი შვილები“, – ამბობს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ მიმართვა გაავრცელა „ჰამასის“ მთავარმა მომლაპარაკებელმაც, ხალილ ალ-ჰაიამ. მისი თქმით, ღაზის სექტორი ახალი ეტაპის წინაშეა.
„აგრესიის დაწყების დღიდან ოკუპანტი წინააღმდეგობის ჩახშობას, „ჰამასის“ განადგურებასა და სამხედრო ძალით ტყვეების დაბრუნებას ცდილობდა. მათ სურდათ, რეგიონისთვის შეეცვალათ სახე, გაენადგურებინათ პალესტინა, შური ეძიათ მის ხალხზე. ახლა ჩვენი საამაყო ღაზა ახალი ეტაპის წინაშე დგას, შენების, ნუგეშისცემის, აღდგენის, სოლიდარობისა და თანაგრძნობის ეტაპის… ამით ჩვენ დავუდასტურებთ მსოფლიოს, რომ ვართ თავისუფალი ხალხი, რომელსაც სურს შენება და არა ნგრევა, გვსურს, აღვადგინოთ ის, რაც ოკუპაციამ გაანადგურა“, – აცხადებს ხალილ ალ-ჰაია, „ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი და მოლაპარაკებების მონაწილე.
მიუხედავად ამისა, ისრაელი ღაზის სექტორზე თავდასხმებს კვლავ განაგრძობს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობების თანახმად, უახლეს სარაკეტო თავდასხმას სულ მცირე 72 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ მისი კაბინეტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას არ დაამტკიცებს მანამ, სანამ „ჰამასი” არ დაიხევს უკან. იგი „ჰამასს” გარკვეული დამატებითი დათმობის მიღების მიზნით, ბოლო წუთს, კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.
ბოლო 15 თვის განმავლობაში, ისრაელ-„ჰამასის” კონფლიქტს 46,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობებით, მათი ნახევარზე მეტი ქალები და ბავშვები არიან.