მთავარიამერიკააშშაშშ-ის სენატში სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს მოუსმინეს

აშშ-ის სენატში სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს მოუსმინეს

აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებული მარკო რუბიოს თანამდებობაზე დამტკიცების პროცედურა დაიწყო. პირველი სხდომა გუშინ, 15 იანვარს, ჩატარდა. მარკო რუბიო სენატორების წინაშე სიტყვით გამოვიდა.

53 წლის რესპუბლიკელი ფლორიდაში, კერძოდ, ქალაქ მაიამიში, კუბელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. იმ შემთხვევაში, თუ სენატი მას მხარს დაუჭერს, მარკო რუბიო იქნება პირველი ლათინოამერიკელი, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას დაიკავებს.

როგორც მარკო რუბიო ამბობს, ის ამერიკის ინტერესებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს.

„ჩვენი ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება იზოლაციონიზმი არ არის. ეს არის საღი აზრი, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება, მოძველებული რელიკვია არ არის. ორი საუკუნის წინ ქვეყნები საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდნენ და ეს იყო ნორმა. ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც, ამერიკისა და ამერიკელების პირველ ადგილზე დაყენება არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორც ახლაა. როგორ შეძლებს შეერთებული შტატები დედამიწაზე მშვიდობის საკითხის წამოყენებას, თუ თავად არაა უსაფრთხო? რას მოუტანს ამერიკა თავის მოკავშირეებს, თუ თავად არაა ძლიერი?“ – ამბობს მარკო რუბიო.

დონალდ ტრამპის კაბინეტის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მარკო რუბიოს თანამდებობაზე დამტკიცების პროცესში წინააღმდეგობა არ შეხვდება და ის თანაბრად დაიმსახურებს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორების სიმპათიას.

სენატორების აზრით, მარკო რუბიოს აშშ-ის საზღვარგარეთ ღირსეულად წარმოჩენა შეუძლია.

მარკო რუბიომ ისაუბრა ავტორიტარულ ქვეყნებზეც, რომლებიც აფინანსებენ ომს, ტერორიზმსა და ძალადობას. მისი თქმით, არსებული საერთაშორისო წესრიგი დღეს იქცა იარაღად, რომელსაც შეერთებული შტატების წინააღმდეგ იყენებენ.

„მოსკოვში, თეირანსა და ფხენიანში დიქტატორები, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან ერთად, ქმნიან ქაოსსა და არასტაბილურობას. ისინი აფინანსებენ რადიკალ ტერორისტთა ჯგუფებს, ხოლო შემდგომ გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების ან ბირთვული ომის მუქარის უკან იმალებიან. ომის შემდგომი გლობალური წესრიგი არათუ მოძველდა, არამედ ის ახლა არის იარაღი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენება“, – ამბობს მარკო რუბიო.

მარკო რუბიომ თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაუთმო ჩინეთს. მისი აზრით, XXI საუკუნის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ჩინეთია. მისი პოზიცია სენატორებმაც გაიზიარეს.

მარკო რუბიოს სახელმწიფო მდივნად დანიშვნას სენატი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში დაუჭერს მხარს. პარალელურად კი სენატში ტრამპის კაბინეტის სხვა წევრებსაც უსმენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend