თუ გსურთ მთებით, ციხესიმაგრეებით, ჯანჯაფილის ნამცხვრითა და მინერალური წყლებით ერთდროულად დატკბეთ, პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონი სწორედ ასეთია. ამ ზღაპრული სამყაროს მშვენიერება იუთუბერმა და მოგზაურმა ევა ზუ ბეკმა აღწერა თავის რეპორტაჟში.
სამხრეთ პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონი ნაკლებად ცნობილი მხარე განთქმულია ლეგენდებით, ზღაპრებით, მთებითა და ციხესიმაგრეებით. თუ აქ ჩამოხვალ, შესაძლოა, ერთადერთი უცხოელი ტურისტიც კი აღმოჩნდე ამ არე-მარეში. ქვემო სილეზია ჩემი სამშობლოა და მინდა სამხრეთ პოლონეთის ეს ზღაპრული კუთხე დაგათვალიერებინოთ. ჩვენ მოვინახულებთ მომხიბლავ პატარა ქალაქებს, გეახლებით იმდენს, რამდენიც მოგვესურვება და გავიგებთ, რას ნიშნავს, გქონდეს საკუთარი ციხესიმაგრე.
ჩვენი მოგზაურობის დასაწყისში, მინდა, ორიოდე მომხიბლავი ქალაქი გაგაცნოთ. არქიტექტურაზე თვალის ერთი შევლებაც საკმარისია, რათა მიხვდე, რომ ქვემო სილეზია კულტურისა და ისტორიის ჭეშმარიტი სამჭედლოა. ჩვენი პირველი გაჩერება არის ქალაქი ლონდეკ–ზდრუი, რომელიც, ჩემი აზრით, ამ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია.
ლონდეკ–ზდრუი უბრალოდ ლამაზი ქალაქი არ არის. ეს ყველაზე ძველი სპა-კურორტია პოლონეთში და, გავრცელებული მოსაზრებით, აქაურ მინერალურ წყლებს სამკურნალო თვისებები აქვთ. სწორედ ამიტომ სამკურნალო წყლების მოყვარულები 700 წლის განმავლობაში ჩამოდიოდნენ აქ. თუმცა წყალს მკურნალობაც შეუძლია და წალეკვაც. ლონდეკ–ზდრუის ახლახან დიდი ზიანი მიაყენა ცენტრალური ევროპის წყალდიდობებმა, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ სწრაფად აღადგინა ყველაფერი და ქალაქი ისევ მზად არის ტურისტების მისაღებად.
წყალდიდობას ძალიან დიდი ზარალი მოჰყვა, მაგრამ ლიონდეკ–ზდრუი გამძლე ქალაქია და მისი მონახულება ნამდილად ღირს. თქვენ ადგილას ნამდვილად ჩამოვიდოდი აქ თერმულ წყლებში სანებივროდ და ადგილობრივი მთების დასალაშქრად.
არის კიდევ ერთი ადგილი, სადაც მინდა წაგიყვანოთ. ეს არის გამორჩეული კაფე პატარა ქალაქ ბარდოში.
ბარდო ერთი ციდა ქალაქია, მაგრამ აქ ორი ნამდვილი ღირსშესანიშნაობაა. ერთია მრავალსაუკუნოვანი ტაძარი და მეორე – ისტორიული ღირებულებით მასთანვე გათანაბრებული ჯანჯაფილის ნამცხვარი. ბოლოს და ბოლოს აქ უწყვეტ ნაკადად მომავალ პილიგრიმებს რაღაც ხომ უნდა ეჭამათ და ჯანჯაფილიანი ნამცხვარი ყველაზე იაფი და ნოყიერი ნუგბარი გამოდგა, რომლის შეთავაზებაც ადგილობრივ ხაბაზებს შეეძლოთ. ამ ქალაქში შემორჩენილია ერთი მაღაზია, რომელიც სათუთად ინახავს ამ ტრადიციას და ისეთი იერი აქვს, თითქოს პირდაპირ ზღაპრიდან გადმოიტანეს. ეს მაგდალენა ტოპოლანეკის ჯანჯაფილის ნამცხვრის კაფეა – Bardzkie Pierniki Fabryka, სადაც ნაირ-ნაირი ჯანჯაფილის ნამცხვარი აწყვია.
„იმ დროს, როდესაც ქალაქ ბარდოში ჯანჯაფილის ნამცხვრის შვიდი სხვადასხვა საცხობი არსებობდა, ჯანჯაფილის კარგი ნამცხვრის საიდუმლო მისი რეცეპტი კი არ იყო, არამედ სანელებლების ნაზავი. ზოგიერთს უფრო მეტ პილპილი ჰქონდა, ზოგს ანისულის თესლი ან დარიჩინი. აი, ეს აძლევს ჩვენს ჯანჯაფილის ნამცხვარს განსაკუთრებულ არომატს,“ – განმარტავს მაგდალენა.
ჩემს ცხოვრებაში არ მიჭამია ისეთი ჯანჯაფილის ნამცხვარი, როგორიც აქ. ისეთი ნოტიო და მსუყეა, სავსეა სანელებლებითა და სურნელით. მართლაც, შობის დღესასწაულზე რომაა, ის გემო აქვს.
მოგზაურობისას საუკეთესო შთაბეჭდილება მოტივირებულ ადამიანს უნდა გაუზიარო. ამიტომ ახლა მივემართები ე.წ. ოქროს მთებისკენ, სადაც უნდა შევხვდე მალგოჟატა შუმსკას, ჩემს მეგობარს, რომელსაც უნიკალური სასტუმრო აქვს – Zloty Jar-ი, რომელიც პოლონურიდან ითარგმნება როგორც „ოქროს მინდორი“.
„ვილა Zloty Jar-ი მომავალ წელს 100 წელს იზეიმებს. ჩვენ ოქროს მთებში ვართ, გვერდზე ოქროს წყარო ჩაგვიდის და ოქროს მინდორი გვაქვს, ამიტომ ჩვენს ვილასაც ეს სახელი ვუწოდეთ მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე -„ზლოტი იარი“ ოქროს მინდორს ნიშნავს. ჩვენს ქალაქს ოქროს ფერდობი ჰქვია, ქუჩას კი – ოქროს ქუჩა…ასე რომ, აქ ყველაფერი ოქროსია,“ – ამბობს მალგოჟატა.
ამ ქალაქს ოქროს ფერდობი ჰქვია და მას ოქროს მოპოვების ათასწლოვანი ისტორია აქვს. ადამიანი აქ ოქროს 1000 წლის წინ მოიპოვებდა. ამიტომ აქ მთებში 300 კილომეტრზე მეტი სიგრძის მაღაროს დერეფნებია გაყვანილი.
დღის ბოლოს მომშივდა. ტრადიციული პოლონური სამზარეულო ხორცის მოყვარულთათვის სამოთხეა. თუმცა სულ უფრო მეტი რესტორანი ავსებს მენიუს ვეგანებზე გათვლილი კერძებით.
ეს რეგიონი განთქმულია ციხესიმაგრეების სიმრავლით მთელ ევროპაში და მინდა ერთ მათგანს – სარნის ციხესიმაგრეს – შევეხო, რომელიც პირდაპირ ზღაპრიდან გადმოტანილს ჰგავს.
სარნის ციხესიმაგრე პირველად მე-16 საუკუნეში ააგეს გერმანელი არისტოკრატისთვის. ამის შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ქვეყანაც კი, რადგან ქვემო სილეზიის საზღვრები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა და ახლახან ის გადაეცა მარტინ სობჩიკს, რომელმაც მუხლჩაუხრელად იშრომა, რომ მისთვის პირვანდელი იერი დაებრუნებინა და აქ სასტუმრო მოეწყო.
„ჩვენ მყარი ფინანსური მდგომარეობა გვჭირდება და სწორედ ამიტომ გავხსენით აქ სასტუმრო, რომელიც ფარავს არაკომერციულ ხარჯებს,“ – განმარტავს მარტინი. „ახლახან დავასრულეთ იუთუბისთვის ფილმის გადაღება პოლონეთსა და იტალიაში ადრეულ პერიოდში გავრცელებული მუსიკის შესახებ. ასევე ვაწყობთ ლიტერატურულ ფესტივალებს, წელს აქ 20 ათას სტუმარს ვუმასპინძლეთ მხოლოდ ერთ კვირაში, ფესტივალის დროს.“
ეს ციხესიმაგრე ნელ-ნელა იბრუნებს ძველ სილამაზეს და შეგიძლიათ კულტურული ღონისძიებების გარეშეც მოხვიდეთ აქ და ღამე გაათიოთ შვეიცარიულ კოტეჯში, რომელიც ციხესიმაგრის კომპლექსს ეკუთვნის.
აი, ასეთია ქვემო სილეზია, რომელიც მიყვარს. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველაფერი ისტორიითა და კულტურით არის გაჯერებული. მართლაც რომ ერთ-ერთი ჯადოსნური მხარეა პოლონეთში.
ავტორი: ევა ზუ ბეკი