მთავარიამერიკააშშრას ფიქრობენ ევროპელები დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შესახებ?

რას ფიქრობენ ევროპელები დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შესახებ?

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მალე დაბრუნდება. აშშ-ის ისტორიული მოკავშირეები კი სკეპტიკურად არიან განწყობილი. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მიერ ოცდაოთხ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვით, დონალდ ტრამპის დაბრუნებით ყველაზე მეტად ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში არიან შეშფოთებული.

„რა გვაქვს საერთო დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს? ჩვენ, ორივე, ვართ შეერთებული შტატების მოკავშირეები, რომელთა უსაფრთხოებაც ვაშინგტონზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია. ჩვენ უკვე გვიწევს, გავუმკლავდეთ დიდ ძალებს: რუსეთს, ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიას, სამხრეთ აფრიკას და იცით, რა? დონალდ ტრამპის დაბრუნებასთან ერთად, 1945 წლის შემდეგ პირველად ვხედავთ ისეთ აშშ-ს, რომელიც თავადაც ასეთი დიდი ძალა ხდება. სწორედ ამიტომ არიან რუსეთი და ჩინეთი მოდუნებული, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვართ“, – ამბობს ტიმოთი გარტონ ეში, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი.

ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი აშშ-ს, ჩინეთსა და ევროკავშირს თანაბარ საერთაშორისო აქტორებად მიიჩნევს. თუმცა ოქსფორდის პროფესორის აზრით, ევროპას აშშ-ის მომავალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისას ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ან გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენა გაუჭირდება.

„ჩვენ დავსვით კითხვა: შეუძლია თუ არა ევროკავშირს, აშშ-ს ისე გაუმკლავდეს, როგორც ჩინეთს? ველოდი, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილის პასუხი სკეპტიკური იქნებოდა, თუმცა ადამიანებს საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ. უმრავლესობას ამის იმედი აქვს. ამრიგად, ჩვენ, ევროპელები, არ ვართ თავდაჯერებული ჩვენს ძალაში. თავისთავად, ეს ძალა პოტენციურია და ის რეალური უნდა გავხადოთ“, – ამბობს ტიმოთი გარტონ ეში.

კვლევის ავტორების აზრით, საზოგადოების განსხვავებული ხედვა მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთი სულაც აღარაა ერთიანი, თანმიმდევრული გეოპოლიტიკური მოთამაშე, თუმცა კვლავ რჩება ძლიერ საერთაშორისო სამხედრო ალიანსად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend