კალიფორნიის ქალაქ ოქსნარდში, რომელიც ვენტურის ოლქში და ლოს-ანჯელესის გვერდით მდებარეობს, ტყის ხანძრის ახალი კერაა. ხანძარი გვიან ღამით, ერთ-ერთი დამშრალი მდინარის კალაპოტში გაჩნდა. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლი ოლქის აგრონომიულ არეალსაც მოედო. მეხანძრეები ყველა საშუალებით ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას. ვითარება შესაძლოა გაუარესდეს, რადგან, სინოპტიკოსების თქმით, ქვეყანაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში ქარი სამშაბათს გაძლიერდა და, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე შენარჩუნდება. ვარაუდობენ, რომ ქარის სიჩქარე ქარიშხლის საგანგაშო მაჩვენებელს არ მიაღწევს, თუმცა, ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, შესაძლოა, შეიქმნას იმის საჭიროება, რომ ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავის მუშაობა შეაჩერონ.
ოლქში დამატებითი წყლის ავზები და სამაშველო და სახანძრო ჯგუფები გაგზავნეს. საფრთხის შემცველ ადგილებზე მცირე ნაპერწკალმაც კი შესაძლოა ტყის ხანძრის ახალი კერა წარმოშვას.