მთავარისაქართველოადმინისტრაციული საქმეები დემონსტრანტების წინააღმდეგ

ადმინისტრაციული საქმეები დემონსტრანტების წინააღმდეგ

სასამართლომ 200-მდე დემონსტრანტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე უკვე განიხილა, 300-მდე საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„დღეს დილით დამირეკეს და მითხრეს, რომ 29 დეკემბერს გზის გადაკეტვა, მაშინ როდესაც ამისთვის საკმარისი ხალხი არ იყო, არის ჩემი დანაშაული. თურმე მანამდეც ყოფილა სასამართლო ჩანიშნული, რომელზეც არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია. მითხრეს, რომ სხდომა გადაიდო და 27 იანვარს ოთხი საათისთვის უნდა გამოვცხადდე სასამართლოში…”

დიღმის ჭალების მცველი ანა ტრაპაიძე ერთ-ერთია იმ ათეულობით მოქალაქეს შორის, ვისაც საპროტესტო აქციების მონაწილეობისას სამართალდარღვევას ედავებიან. სამოქალაქო აქტივისტი დეტალურად იხსენებს, რას აკეთებდა 29 დეკემბერს – იმ დღეს, რომელსაც გზის უკანონოდ გადაკეტვისთვის სასამართლოში მისი დაბარება უკავშირდება.

„დილით ვიყავი სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე, ორბელიანის სასახლესთან, სადაც გზა გადაკეტილი იყო ყველგან, მათ შორის რუსთაველზეც – არსად არაფერი შემიფერხებია… საღამოს მონაკვეთში სახლიდან გავედი სადღაც 9 საათისთვის და ათი საათისთვის ვიქნებოდი, ალბათ, აქციაზე, სადაც ამ დროს უკვე გადაკეტილია ხოლმე ყოველთვის გზა. მტკიცებულებებიც მაქვს – გატარებული სამგზავრო ბარათი, რომელიც აჩვენებს, რომელ საათზე გავააქტიურე. ეს ბარათი ადასტურებს, რომ საღამოს ვარ სახლიდან გასული – იმ დროს, როცა უკვე ყველაფერი გადაკეტილი იყო”, – იხსენებს ტრაპაიძე.

„ყოველდღიურად უკავშირდებიან ადამიანებს და ეუბნებიან, რომ სასამართლოში არის მათი საქმეები, რაც გულისხმობს, რომ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და შემდეგ უკვე სასამართლო პერიოდულად იბარებს ამ ადამიანებს, – ამბობს ევრონიუს ჯორჯიასთან ინტერვიუში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ვერიკო ჯგერენაია.

სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ამ დროისთვის 500-მდე შეტყობინებაა შესული, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას უკავშირდება. ამ საქმეების განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო საახალწლო უქმეების შემდეგ ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. დაახლოებით 200-მდე საქმე უკვე განხილულია, უფრო მეტი კი განხილვას ელის.

„ყოველდღიურად მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გვიკავშირდება ცხელ ხაზზე, უკავშირდებიან ჩვენს ადვოკატებს. მათ წინააღმდეგ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. მათ შორის არიან დაკავებულები, რომლებსაც ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამასთან, საკმაოდ გახშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით საქმის წარმოებებიც, რომლებიც გულისხმობს გზის გადაკეტვას, რაც არის, თავის მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევა”, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი.

ადვოკატების ინფორმაციით, გზის გადაკეტვის შემთხვევაში სასჯელის სახით, ძირითადად, სიტყვიერი გაფრთხილება ან ფულადი ჯარიმა გამოიყენება, რომლის რაოდენობამაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლოს შესული ცვლილებებით მნიშვნელოვნად მოიმატა. ასე, მაგალითად, აკრძალული მოწოდებების, აკრძალული ნივთების ქონისა და მონაწილეთა მცირე რაოდენობის მიუხედავად გზის გადაკეტვისთვის ჯარიმებს რაოდენობა 500-დან 5000 ლარამდეა გაზრდილი.

12, 13 და 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით რესტორან „ბაბილოსთან” დაკავებული დემონსტრანტების მიმართ.

„„ბაბილოსთან” მიმდინარე მოვლენების დროს, მათ შორის 166-ე და173-ე მუხლებით გათვალისწინებულ (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) შემთხვევებზე დაიწყო სამართალწარმოებები და ამ შემთხვევაში სასამართლომ, თითქმის ყველა შემთხვევაში, ყველაზე მკაცრი სანქცია – პატიმრობა გამოიყენა. აქციის მონაწილეები დააკავეს, იმყოფებოდნენ იზოლატორში და 48 საათის განმავლობაში გადაიყვანეს სასამართლოში, სადაც, ძირითადად, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რაც სხვა შემთხვევებში ასეთი ინტენსივობის არ ყოფილა”,- ამბობს ვერიკო ჯგერენაია.

იურისტების ინფორმაციით, სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

„ბევრისგან გავიგე მსგავსი დაჯარიმების ამბავი, ალბათ, იმასაც მივაწერთ, რომ წლის დასაწყისია, მაინცდამაინც კარგად არ არის ჩვენი ეკონომიკის საქმე, შემოსავალი აღარ აქვთ ადამიანებს, ბიუჯეტი რჩება შეუვსებელი. როგორ შეავსონ და აი, ასე – თან დააშინებენ და თან ბიუჯეტს ავსებენ.

ვერავის დავამშვიდებ… თუ სახლში იქნები, შეიძლება მაინც მოვიდეს შენთან სისტემა და გამოგიწერონ ჯარიმა, გიპოვონ რაღაც, რაზეც შეგედავებიან. არ ვთვლი, რომ რაიმე განსაკუთრებული ნიშნით შემარჩიეს, თუმცა ყველა აქციაში ვიღებ მონაწილეობას, ღიად გამოვხატავ ჩემს პოზიციას ყველგან საჯაროდ, ონლაინსივრცესა თუ სამსახურში. როცა ასე ღიად გამოხატავ შენს პოზიციას, შეიძლება, ერთგვარად შთაგონების მიმცემადაც აღიქმებოდე და სამაგალითო დასჯაც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს ამის წინააღმდეგ, მაგრამ მე პირადად ამით ვერ შემაშინებენ”, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა ტრაპაიძე და 27 იანვრის სასამართლო სხდომისთვის ემზადება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend