ლოს-ანჯელესში გაჩენილმა ტყის ხანძრებმა 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათასობით სახლი გაანადგურა. მხოლოდ რამდენიმე მოსახლემ შეძლო საკუთარი სახლის გადარჩენა. 16 მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. მიმდინარე კვირას ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო მეტად გაართულებს ვითარებას.
ადგილობრივი მცხოვრები ჯიმი ორლანდი ამბობს, რომ არც საკმარისი წყალი იყო და არც ცოცხალი ძალა. იქვე რომ არ ყოფილიყვნენ, სახლები არც კი დახვდებოდათ. მისი თქმით, კოლმანის ქუჩაზე 20-ამდე სახლი იდგა, ახლა კი მხოლოდ შვიდია დარჩენილი.

ოფიციალური პირების განცხადებით, 14 იანვარი ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იქნება, რადგან ქვეყანაში ამინდის გაუარესებას ელიან. მეხანძრეები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. მათ ადგილზე ეხმარებიან პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. მოეწყო სპეციალური ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, დაკარგულთა შესახებ განაცხადონ. მიუხედავად რთული პირობებისა, სტიქიით დაზარალებულ არეალში სისტემატურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.