მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა განვლილი ოთხი წელი შეაფასა

ჯო ბაიდენმა განვლილი ოთხი წელი შეაფასა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში, თავისი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

ჯო ბაიდენის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდი საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე წარმატებული იყო.

„ჩვენი ადმინისტრაციის წყალობით, შეერთებული შტატები გლობალურ შეჯიბრებას იგებს. აშშ ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო. ჩვენი ალიანსიც უფრო ძლიერია, ჩვენი მეტოქეები კი – უფრო სუსტები“, – ამბობს ჯო ბაიდენი.

მოქმედმა პრეზიდენტმა, რომელიც ოვალურ კაბინეტს მომავალ კვირაში დატოვებს, თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი მთავარ მოწინააღმდეგეს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიუძღვნა.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ პუტინს უკრაინაში რეალური წარმატების მიღწევასა და დასავლეთის ერთიანობის რღვევაში ხელი შეუშალა.

„ახლა კი, თითქმის სამი წლის შემდეგ პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. მან ვერ შეძლო უკრაინის დამორჩილება, ვერ დაარღვია ნატოს ერთიანობა და ვერ მოახერხა დიდი ტერიტორიების დაპყრობა“, – ამბობს ჯო ბაიდენი.

მან დასძინა, რომ მისმა მთავრობამ არა მხოლოდ აშშ-ის ნდობა აღადგინა მსოფლიო ასპარეზზე, არამედ აშშ-ის მტრებიც დაასუსტა.

„მთავარი ავტორიტარული სახელმწიფოები – ირანი, რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა – ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. თუმცა ამას აკეთებენ არა სიძლიერის, არამედ სისუსტის გამო. ამრიგად, როდესაც ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, აშშ ამ ქვეყნებთან დაკავშირებით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო“, – ამბობს ჯო ბაიდენი.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო არ დასრულებულა და უკრაინის მხარდაჭერა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

მომდევნო კვირაში ოვალურ კაბინეტს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს.

ტრამპის შეხედულებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სრულად განსხვავებულია. მხოლოდ მისი ინაუგურაციის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორი იქნება უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend