მთავარიმსოფლიოსლოვაკეთის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

სლოვაკეთის დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს, მიერ მოსკოვში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ ქვეყანაში ანტისამთავრობო აქციების მორიგი ტალღა არ წყდება. 22 დეკემბერს ვლადიმერ პუტინთან კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ ათასობით მოქალაქე ბრატისლავაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, პრემიერ-მინისტრის პრორუსული და პოპულისტური პოლიტიკის გასაპროტესტებლად გამოვიდა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ელოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, კრემლი, მოსკოვი, 22 დეკემბერი, 2024 წელი Copyright Gavriil Grigorov, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP

დემონსტრანტები შეიკრიბნენ პარასკევს, 10 იანვარსაც. ისინი რობერტ ფიცოს ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ახასიათებდნენ და ამბობდნენ, რომ მას სლოვაკეთი რუსეთისკენ მიჰყავს.

„რუსები ღიად ამბობენ, რომ უკრაინა მათთვის საკმარისი არაა და მტრებს გვეძახიან. თუ კიევი დაეცემა, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. თუ გვსურს, შევძლოთ პასუხი გავცეთ ჩვენს შვილებს, როდესაც გვკითხავენ, რას ვაკეთებდით, როდესაც სლოვაკეთის, უკრაინისა და ევროპის ბედი წყდებოდა – არ უნდა გავჩუმდეთ. მოსკოვში ამ სკანდალური ვიზიტით ფიცო სლოვაკეთს მსოფლიოს თვალში პუტინის მოკავშირედ აქცევს“, – ამბობს აქციის მონაწილე, მსახიობი ივან ტროიანი.

თავად რობერტ ფიცოს თქმით, მისი სახით ევროკავშირის ლიდერის იშვიათი ვიზიტი კრემლში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ იყო პასუხი უკრაინის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს მისი ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდება.

ახლა კი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი მთავრობა ამზადებს საპასუხო ზომების სიას იმ შემთხვევისთვის, თუ უკრაინა არ განაახლებს რუსეთიდან გაზის ტრანზიტს.

ფიცოს თქმით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტას მკვეთრი უარყოფითი გავლენა ექნება ევროკავშირზე, ხოლო რუსეთზე კი არა.

„სლოვაკეთის რესპუბლიკის ხელისუფლება გადაწყვეტს, მნიშვნელოვნად შეზღუდოს ან თუნდაც, სრულად გააუქმოს სხვადასხვა შეღავათი უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ჩვენთან ჩამოვიდნენ. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სისასტიკეა, რასაც ახლა ვამბობ… მაგრამ სისასტიკეა ისიც, რასაც ზელენსკი გვიკეთებს, რასაც იგი უკეთებს ევროკავშირს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

მკაცრი განცხადებების მიუხედავად ამჟამად სლოვაკეთში გაზის დეფიციტი არ არის და ქვეყანას ბუნებრივი აირის მიღება ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისგან შეუძლია. სლოვაკეთმა მიაღწია არაერთ შეთანხმებას აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შესყიდვისა და პოლონეთიდან ამერიკული გათხევადებული გაზის იმპორტის შესახებ… თუმცა, ამავდროულად, რობერტ ფიცო ხაზს უსვამს, რომ დამატებითი სატრანზიტო გადასახადების გამო ქვეყანა წელიწადში 500 მილიონი ევროს დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ამ საკითხის განსახილველად 12 იანვარს, მოსკოვში, სლოვაკეთის ეროვნული პარტიის თავმჯდომარის, ანდრეი დანკოს, ხელმძღვანელობით მორიგი დელეგაცია ჩავიდა.

რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა დანკომ თავდაპირველად პოლონეთი მისი დელეგაციისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაში დაადანაშაულა. თუმცა, პოლონურმა მხარემ ბრალდება უარყო.

მოსალოდნელია, რომ 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია დუმის დეპუტატებსა და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. გავრცელებული ცნობებით, დელეგაცია განიხილავს იმასაც, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი, „გაზპრომის“ მიერ სლოვაკეთისთვის რუსული გაზის ალტერნატიული გზებით მიწოდება.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე ევროკავშირის მცდელობების მიუხედავად დაასრულოს რუსულ საწვავზე დამოკიდებულება, რიგი წევრი სახელმწიფოები, როგორებიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, კვლავ მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული რუსულ გაზზე.

უკრაინის საგარეო სამინისტროს განცხადებით, პრობლემა რუსეთშია, ისევე როგორც „ზოგ პოლიტიკოსში“, რომელთაც მოსკოვზე დამოკიდებულების შეწყვეტის ნება არ გააჩნიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend