მთავარისაქართველოსაბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2024 წლის გაზაფხულზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებისას დაკავებულების, ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაკავებულთა ოჯახის წევრების განმარტებით, ისინი დღეს მოსამართლის, ნათია გუდაძის, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდნენ, თუმცა, როგორც საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ განაცხადა, დაცვის მხარემ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა. მისივე თქმით, პროკურატურას ამ მოთხოვნის განხილვის ვალდებულება აქვს.

„მზად ვიყავით მხარეები, დასკვნითი სიტყვები წარმოგვეთქვა, თუმცა მოსამართლემ მხარეებს შეკითხვა დაუსვა, მიმდინარეობდა თუ არა, ან სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმების მიღწევა. ბრალდების მხარემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი დაკავებული არიან 2024 წლის 16 მაისს და მას შემდეგ, არც ერთი განცხადება პროკურატურაში არ შემოსულა თხოვნით, რომ მათ მიმართ გამოყენებულიყო საპროცესო შეთანხმება. აღნიშნული განმარტების შემდეგ, დაცვის მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე სურს მოლაპარაკების დაწყება. ეს არ ნიშნავს აპრიორი, რომ მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. ჩვენ მომართვის განხილვის ვალდებულება გაგვაჩნია და წერილობით პასუხს გავცემთ“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ.

დაკავებულთა ადვოკატის ცნობით, ჯერჯერობით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს საბა მეფარიშვილს, რისთვისაც მას მოსამართლე ნათია გუდაძემ ვადა მომდევნო პროცესამდე, 20 იანვრამდე მისცა.

„საპროცესო შეთანხმება ნიშნავს, რომ ბრალდებულები შესაძლოა, პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლონ შემდეგ პროცესზე, რაც წარმოუდგენელი გვეგონა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა. ომარ ოკრიბელაშვილს უხარია, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე გამოვა, თუმცა, საბა მეფარიშვილი ჯერჯერობით მის პოზიციებში ჩამოყალიბებული არ არის. ჩვენ შევეცდებით მას ავუხსნათ, რას ნიშნავს საპროცესო შეთანხმება, იმედი მაქვს, ძალიან მალე, მასაც თავისუფლებაზე ვიხილავთ. ამ ბავშვებს ადრე სხვები იცავდნენ, ისინი კოლეგები არიან, მაგრამ მათ თავისუფლად შეეძლოთ, ნაწილობრივ აღიარებით და მტკიცებულებების უდაოდ ცნობით, გარეთ ყოფილიყვნენ, ისინი პრეზიდენტს შეწყალებული ეყოლებოდა. ეს პოლიტიკური მიზნით არ გაკეთდა, ამ მხარის, იმ მხარის თუ რატომ, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი ერთია, შეიძლებოდა ეს ბავშვები გარეთ ყოფილიყვნენ. საბა მეფარიშვილმა თავისით გაუშვა ის ადვოკატები, მას ნაწილობრივ აქვს ბრალი აღიარებული“, – განაცხადა ადვოკატმა დავით გამყრელიძემ.

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 14 მაისს რუსთაველის გამზირზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურა მათ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი 400-ლარიანი რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავება, 250 ლარი კონსტრუქციის თვითღირებულება, 150 კი მისი შეკეთების საფასურია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend