მთავარისაქართველო„რეორგანიზაცია, როგორც რეპრესიული იარაღი“ - უფლებადამცველები საჯარო სამსახურებში არსებულ რეპრესიებზე

„რეორგანიზაცია, როგორც რეპრესიული იარაღი“ – უფლებადამცველები საჯარო სამსახურებში არსებულ რეპრესიებზე

„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ოფისში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ბრიფინგი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები იყო.

ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას, განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მოტივით, საჯარო უწყებებიდან მასობრივი გათავისუფლება დაიწყო. მისივე შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, რეორგანიზაცია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე საჯარო მოხელეების წინააღმდეგ რეპრესიულ იარაღად გამოიყენება.

„საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიული ვერტიკალისთვის უფრო მეტად დაქვემდებარებას. ამგვარი პოლიტიკური რეპრესიების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა – მოხელეებმა და ხელშეკრულებებით დასაქმებულმა პირებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით უარი თქვან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაზე, ან აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობაზე. აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს დევნას ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ, ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ყოფილი სახალხო დამცველი ასევე საუბრობს იმ მეთოდებზე, რომლებსაც, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეების სახელმწიფო უწყებებიდან გასათავისუფლებლად იყენებს.

გათავისუფლების ფორმალურ  საფუძვლად როგორც წესი მითითებულია ხელშეკრულებების ვადის გასვლა. ფაქტობრივად კი, სამსახურებიდან დაითხოვეს ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებმაც:

  • ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა;

  • მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში;

  • საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში, აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოდან, თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან,  რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან.

რეპრესიის იარაღად, ტრადიციულად, აქტიურად გამოიყენება რეორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ უკანონო რეორგანიზაციათა მხარდაჭერისთვის კანონში სპეციალური ცვლილებებიც შევიდა, მათ შორის ისიც, რომ ამ მექანიზმით უკანონოდ გათავისუფლებული პირები, სასამართლო საქმის მოგების შემდეგაც კი, ვერ შეძლებენ სამსახურში აღდგენას.

ამ დროისთვის „საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის – კონსტიტუციის 78-ე მუხლის” ინფორმაციით, გათავისუფლებულია 16 საჯარო უწყების 70 თანამშრომელი. ათობით დასაქმებული საუბრობს დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, რაც გამოიხატა დაუსაბუთებლად ნეგატიურ შეფასებებში, ჯილდოსა და დანამატის შეზღუდვაში“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების გავრცელებულ განცხადებაში.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები. ამისთვის პარტიას 9 დღე დასჭირდა. ახალი რეგულაციები ძალაში 2024 წლის 30 დეკემბერს შევიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend