სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭო „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, მედიასაშუალების სტატიაში ნახსენები იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ოცდახუთი სხვადასხვა პირი იყო მოხსენიებული, მათ შორის „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.
„წერილი შეიცავდა მოწოდებას ამ სიაში შემავალი პირების მიმართ გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა, დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ინსტიტუციური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.
დირექტორთა საბჭოს აქვს სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.
„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ“, – ნათქვამია სს „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააქციო საზოგადოება „საქართველოს კაპიტალი“ ასევე განმარტავს, რომ მათი დივერსიფიცირებული პორტფელი აერთიანებს: საბანკო, წყალმომარაგების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის (ფარმაციის), განახლებადი ენერგიის, სადაზღვევო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორებში არსებულ წამყვან ბიზნესებს.