უკვე 46-ე დღეა, საქართველოში საპროტესტო აქციები არ წყდება. დღესაც, 12 იანვარს, თბილისსა და ბათუმში შეიკრიბნენ მოქალაქეები ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.
12 იანვარს საპროტესტო აქციებზე მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებდნენ იმ პირებს, რომლებიც გასულ ღამეს, ბათუმში დააკავეს. დაკავებულთა შორისაა გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
მოქალაქეთა დაკავება ბათუმში 12 იანვარსაც გაგრძელდა. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციაზე სულ მცირე 5 პირია დაკავებული.
საპროტესტო აქციები და მსვლელობები მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა თბილისშიც. შუადღიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც მოსამართლეები იყვნენ შეკრებილები. იქ იყვნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებიც, რომელთა სასამართლო პროცესებიც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ისინი საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საღამოს კი ტრადიციულად, ისევ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. პარლამენტის წინ შეკრებილებს შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა მსვლელობიდან.